Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ხსოვნის აქციებზე რუსეთის ქალაქებში ასზე მეტი ადამიანი დააკავეს


რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხსოვნის აქციები გაიმართა. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ცნობა რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს გაავრცელა.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის ბევრ ქალაქში მოქალაქეებმა ყვავილების მიტანა დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების მემორიალებთან. ასეთი ადგილები სტიქიურად შეიქმნა ულიანოვსკში, ნოვოსიბირსკში, კიროვში, იტყობინება გამოცემა Astra.

არხი Говорит НеМосква ამ სიას უმატებს ტომსკს, ყაზანს, იჟევსკს, ფსკოვს, ნიჟნი ნოვგოროდს, პერმს, ტვერსა და სხვა ქალაქებს. მსგავსი აქციები გაიმართა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

ОВД-Инфо-ს ცნობით, 17 თებერვლის დილისთვის სულ მცირე 110 დაკავებული იყო ცხრა ქალაქში. ყველაზე მეტი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში - 64 პირი, ნიჟნი ნოვგოროდში - 15, მოსკოვში - 11 ადამიანი. ზოგიერთი მათგანი მთელი ღამით დატოვეს პოლიციის განყოფილებაში. რუსეთის არაერთ ქალაქში გრძელდება ნავალნის ხსოვნის აქციები: ვლადივოსტოკში ხალხს ყვავილები მიაქვს გულაგის მსხვერპლის მემორიალთან, მაგადანში - ტაძარში, სადაც ეკლესიის მსახურებს პერიოდულად გაქვთ ყვავილები, რომლებსაც ხალხი ტოვებს.

ნოვოსიბირსკში ახალგაზრდა ქალი ქუჩაში გავიდა პლაკატით, რომელზეც იყო წარწერა: „ვინ არის შემდეგი?“ პოლიციელებმა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებს ამას, მაგრამ არ დაუკავებიათ.

ქალაქ მურმანსკში პიკეტი მოაწყო ქალმა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „შენს ხელებზე მისი სისხლია, ვოვა!“ ქალი პოლიციამ დააკავა.

ყვავილები და სანთლები მიიტანეს სანქტ-პეტერბურგში „ტროიცის“ მოედანზე და რეპრესიის მსხვერპლის მემორიალთან ვოსკრესენსკის სანაპიროზე. 16 თებერვლის საღამოს სანქტ-პეტერბურგში, სოლოვეცკის ქვასთან შეკრებილი ადამიანები პოლიციამ განდევნა. დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები.

ადამიანებს ქვები მიჰქონდათ სოლოვეცკის ქვასთან - რეპრესიების მემორიალთან მოსკოვშიც. იქ, „კომერსანტის“ ცნობით, ათასამდე ადამიანი მივიდა. მემორიალთან პოლიცია მორიგეობს.

სტიქიური მემორიალი შეიქმნა მოსკოვის მიკრორაიონ მარინოში, სადაც ალექსეი ნავალნი ცხოვრობდა დაპატიმრებამდე. მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა გაფრთხილება „მასობრივი აქციებისკენ მოწოდების შესახებ“, თუმცა სოციალურ ქსელებში ასეთი მოწოდებები თითქმის არ არის, ადამიანები მემორიალებთან საკუთარი ინიციატივით მიდიან.

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები რუსულენოვანმა დიასპორებმა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაცია „კოვჩაგმა“ შეადგინა ამ აქციების სია, რომელიც იზრდება, და მასში მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაა. აქციები უპირატესად იმართება რუსეთის საელჩოების შენობებთან. აქციები, გარდა საქართველოსა და სომხეთისა, ასევე ბალტიის ქვეყნებისა, გაიმართა გერმანიაში, სერბეთში, არგენტინაში;

ხალხმრავალი აქციები მოეწყო აშშ-ში. ნიუ-იორკში რუსეთის საკონსულოსთან დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „პუტინი - მკვლელი“, „არ დავნებდებით“.

გამოცემა „სოტას“ ცნობით, მინსკში მცდელობისას, ნავალნის ხსოვნის ყვავილები მიეტანა რუსეთის საელჩოს შენობასთან , სპეცრაზმმა დააკავა ლიკვიდირებული პარტიის - „მწვანეების“ თავმჯდომარე, დმიტრი კუჩუკი.

XS
SM
MD
LG