შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო „პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პუტინსა და კრემლს ეკისრება“ და „შესაძლოა ვიხილოთ უფრო ქმედითი ნაბიჯებიც დასავლეთის მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ“.
„ეს ნამდვილი ტრაგედიაა, არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის. ნავალნი იყო მამაცი, ბრწყინვალე გონების კაცი, და ძალიან ბევრი რუსისთვის უკეთესი მომავლის იმედს განასახიერებდა, პუტინის მიღმა მომავლის. არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ მსგავსი არაფერი ემჩნეოდა, მიუხედავად რუსულ ციხეში გატარებული თვეებისა. უბრალოდ ადგა და მოკვდა? ასე არ ხდება“, - კარლ ბილდტი ამბობს, რომ კრემლს ნავალნისა ეშინოდა და „ძალიან აფრთხობდათ ის, რასაც ნავალნი წარმოადგენდა“.
განცხადებები მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაკეთდა.
„რუსეთის ნომერ პირველი ოპოზიციონერი მკვდარია, ვინ არის ნომერი მეორე? არ ვიცით“, - ამბობს ბილდტი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ დაწერა, რომ პატიმარ შვილს 12 თებერვალს შეხვდა და ის იყო „ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე“.
16 თებერვალს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.
„მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდეს, რომ დაისჯებიან იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთეს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. ეს დღე დადგება ძალიან მალე“, - თქვა მან და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გაერთიანებული ბრძოლისკენ - რუსეთში არსებული „შემაძრწუნებელი რეჟიმის“ წინააღმდეგ.