Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთმა უნდა უპასუხოს სერიოზულ შეკითხვებს" - იენს სტოლტენბერგი ნავალნის სიკვდილზე


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„დამწუხრებული და შეშფოთებული [ვარ] ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს სერიოზულ შეკითხვებს. ნავალნი იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის ძლიერი ხმა. ნატო და მოკავშირეები მის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან არის“, - დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ დაწერა, რომ პატიმარ შვილს 12 თებერვალს შეხვდა და ის იყო „ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე“.

16 თებერვალს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.

„მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდეს, რომ დაისჯებიან იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთეს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. ეს დღე დადგება ძალიან მალე“, - თქვა მან და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გაერთიანებული ბრძოლისკენ - რუსეთში არსებული „შემაძრწუნებელი რეჟიმის“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG