რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს და მის ძმას გოგიტა ორველაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედავება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გოგიტა ორველაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათასლარიანი გირაოს შესახებ.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს შეეძლო მიმალვა ან გამოძიების მსვლელობაზე გავლენის მოხდენა ბრალდებულთა სასარგებლოდ „დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სასჯელი გოგიტა ორვალელაშვილის მიმართ“, თქვა ადვოკატმა ელდარ გვალიამ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, გიორგი ორველაშვილის პატიმრობის ნაცვლად გირაო არ შეუთავაზებია იმ მიზეზით, რომ ბრალდებული გირაოს თანხას ვერ მოიძიებდა.
რუსთავის ბაზარის ხორცის სექციაში მკვლელობა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი, რომელიც მკურნალობას გადის რუსთავის ადგილობრივ კლინიკაში.
გიორგი ორველაშვილს ბრალი ედებ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ხოლო გოგიტა ორველაშვილს ბრალი ედება სს კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სასჯელს იარაღის უდიერად შენახვისთვის.
სასამართლო პროცესის წინ პროკურორმა ქეთი სანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით და მიზანმიმართულად, ყველას თვალწინ მოხდა. „მოკლულია ბრალდებულის ბიძა, დაჭრილია ბიძაშვილი, დაიღუპა სამი უდანაშაულო ადამიანი, ვისაც ორველააშვილებიის კონფლიქტთან არანაირი შეხება არ ჰქონდა“. თქვა პროკურორმა.
მისივე თქმით, დაიკითხა უამრავი თვითმხილველი და შეისწავლეს ვიდეოკამერების ჩანაწერები.
„ბიძამისმა გიორგი ორველააშვილი სამსახურიდან ცუდი ქცევის გამო გაუშვა. თავად ბაზრის მოვაჭრეებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებული ხშირად თვრებოდა და კონფლიქტს იწვევდა“, თქვა პროკურორმა.
ამასთან, მან არ დაადასტურა მანამდე გავრცელებული ვარაუდი, რომ გიორგი ორველშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„დაკითხვის დროს ადექვატური იყო, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ფსიქიკურად დაავადებულია, თუმცა ჩატარდება ექსპერტიზა და ამის შესახებ დაზუსტებული პასუხი გვეცოდინება“, თქვა პროკურორმა.
გიორგი ორველაშვილმა პროცესზე აღიარა დანაშაული, მაგრამ მკვლელობის მოტივებზე არაფერი უთქვამს.
მისმა ძმამ, 20 წლის გოგიტამ, რომელიც სავალდებულო სამსახურს იხდის, სინანული გამოთქვა ადამიანების დაღუპვის გამო, თუმცა განცხადა, რომ იარაღს სათანადოდ ინახავდა. მან დასძინა, რომ ძმის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა.
ბრალდებულთა წინასწარი სასამართლო სხდომა მოსამართლემ 5 აპრილს ჩანიშნა.