Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მოქალაქის პასპორტი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მოქალაქის პასპორტი

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა. ამის შესახებ რუსული „ფორბსი“ წერს. გამოცემის თანახმად, ანისიმოვი მეშვიდე მილიარდერია, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

ვასილი ანისიმოვი ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეკონომიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რუსი მილიარდერების რეიტინგში, რომელიც „ფორბსმა“ 2023 წელს გამოაქვეყნა, ანისიმოვი 72-ე ადგილზე იყო 1,6 მილიარდი დოლარის ქონებით.

ვასილი ანისიმოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორი იყო ჰოლდინგ „მეტალოინვესტში“. მოგვიანებით შექმნა საკუთარი კომპანია Coalco. ანისიმოვი, რომელიც 2010-2022 წლებში რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც იყო, ირწმუნება, რომ რუსეთში არანაირ ქონებას აღარ ფლობს.

ვასილი ანისიმოვმა „ფორბსს" წარუდგინა დოკუმენტები, რომელთა თანახმად, რუსეთის მოქალაქეობიდან ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში „გავიდა". გამოცემის თანახმად, მოქალაქეობაზე უარის შემდეგ ანისიმოვი რუსეთში საქმიანი ვიზით ჩადის.

XS
SM
MD
LG