გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც 7 თებერვალს სტიქიამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - 5 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ამავე დოკუმენტის თანახმად, ასევე მოსალოდნელია ქვათაცვენის და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის, მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ. ნერგეეთში მეწყერი სწორედ მდინარე ხანისწყლის ნაპირზე მდებარე სახლების თავზე ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი 4 სახლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში გაცემულია რეკომენდაცია სოფელ მეორე ობჩიდან მოსახლეობის გაყვანაზე. სოფელ ზეგანში სააგენტო საჭიროდ მიიჩნევდა ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას, სოფელ წითელხევში კი მეწყრული ტბების განტვირთვას და ზედაპირული წლების რეგულირებას.
დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არ არის განთავსებული სააგენტოს ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ "კატასტროფების რისკის შემცირების პრაქტიკა უნდა იყოს ეფექტური, მრავალ საფრთხეზე გათვლილი, ინტეგრირებული, ხელმისაწვდომი და ფართო მასებზე ორიენტირებული." აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია გეოლოგიური საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და მუშაობის გაძლიერება საფრთხეების გაანალიზებაზე.
საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევები. მხოლოდ 2022 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 1120 მეწყრული პროცესი აქვს აღრიცხული - 2012 წელს ეს რიცხვი 325 იყო.