7 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა და მოითხოვა ზამთარში იმ პირთა გამოსახლების პროცესის შეზღუდვა, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში („ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე მყოფ პირთა ზამთარში გამოსახლების შეზღუდვის შესახებ") დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
„სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, მირიან ხარაბაძეს, შემდეგი წინადადებით მიმართა: განიხილოთ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების პროცესის განხორციელების შეზღუდვა ზამთრის პერიოდში, იმ პირების (მოვალეების) შემთხვევაში, რომლებისთვისაც უძრავი ქონება ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
აღსრულების პროცესი გადაიდო 25 იანვარს თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე.