Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე ონკოპაციენტებისთვის ლიმიტის მოხსნა და უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფა მოითხოვეს


ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების აქცია საქართველოს პარლამენტთან
ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების აქცია საქართველოს პარლამენტთან

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ონკოლოგიური პაციენტები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების ლიმიტის მოხსნა და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფა მოითხოვეს. ონკოპაციენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარამდეა.

აქციის მონაწილეების თქმით, უნდა ფინანსდებოდეს დაავადების დიაგნოსტირებაც. ისინი სახელმწიფოსგან დაფინანსების დროულ გაცემასაც ითხოვენ.

"საკვერცხის სიმსივნეს ვებრძვი, ურთულესი 2 ოპერაცია გადავიტანე. ერთი ქიმია გადამიცდა, რადგან განცხადება დროულად არ დამიკმაყოფილეს. 16 ათასის ვალი ავიღეთ. 3 წელია უწყვეტად ვმკურნალობ და სულ წამლები მჭირდება. 25 000 ზღვაში წვეტია ჩემთვის, ამიტომ ვითხოვთ ლიმიტის მოხსნასაც", - ამბობს ცისანა ადამია, რომელიც თბილისში აქციისთვის ჩხოროწყუდან ჩამოვიდა.

ცისანა ადამია
ცისანა ადამია

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტიცაა, რის გამოც პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს წამლების მოძიება შავ ბაზარზე უწევთ. ერთ-ერთი ასეთია ძვლის ტვინის პრეპარატი "იქსგევა", რომელსაც თინიკო ლაშხიას დედა მოიხმარს.

ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების აქცია პარლამენტთან
ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების აქცია პარლამენტთან

"უკვე შვიდი თვეა, "იქსგევა" არ არის აფთიაქებში და ხუთმაგ ფასში გვიწევს შავ ბაზარზე ყიდვა, რომ სიმსივნე დროებით გავაჩეროთ", - ამბობს თინიკო ლაშხია.

პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ პასუხების მიღება ჯანდაცვის სამინისტროსგანაც სცადა.

ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია ორგანიზაციის, "კავშირი სიცოცხლისთვის" ორგანიზებით გაიმართა.

XS
SM
MD
LG