Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ იმეორებს, რომ იმოქმედებს იორდანიაში თავდასხმის პასუხად, უერთდება ბრიტანეთს ირანის ახალ სანქციებში

აშშ იმეორებს, რომ იმოქმედებს იორდანიაში თავდასხმის პასუხად, უერთდება ბრიტანეთს ირანის ახალ სანქციებში


ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-მა კვლავ გამოხატა აღშფოთება და განაცხადა, რომ იმოქმედებს იორდანიაში აშშ-ის სამხედროების დაღუპვის პასუხად - დრონით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ბრალს სდებს ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს.

პარალელურად, ვაშინგტონმა და ლონდონმა თეირანზე ზეწოლა კოორდინირებული სანქციების ახალი პაკეტით გააძლიერეს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 29 იანვარს გაიმეორა მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმული პირობა, რომ დრონით თავდასხმის განმახორციელებელი ძალები პასუხს აგებენ. თავდასხმას ემსხვერპლა სამი ამერიკელი სამხედრო, ათობით ჯარისკაცი დაიჭრა - პენტაგონის ცნობით, მათგან ბევრი თავის არეში.

"პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს აშშ-ის ძალებზე და ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ აშშ-ის და ჩვენი სამხედროების დასაცავად", - თქვა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა: "ჩვენ არ ვეძებთ ომს ირანთან". თუმცა, მისი თქმით, დრონით განხორციელებული შეტევა "ესკალაციაზე იყო მიმართული, ეს ცხადია და პასუხს საჭიროებს".

თავდასხმის დეტალები 29 იანვარს ბუნდოვანი რჩება. აშშ-ის ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ მტრის ძალების დრონი შესაძლოა, შეეშალათ ამერიკულ დრონში, რომელიც აშშ-ის ობიექტზე ბრუნდებოდა და ამიტომ მის ჩამოსაგდებად ძალისხმევას არ მიმართეს.

ირანმა 29 იანვარს უარყო კავშირი თავდასხმასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა. სამინისტროს პრესმდივნის, ნასერ ქანაანის თქმით, რეგიონში მოქმედი "წინააღმდეგობის ჯგუფები" თეირანისგან მითითებებს არ იღებენ - თუმცა დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ ამგვარი ჯგუფების დახმარებაში, წვრთნასა და აღჭურვაში.

29 იანვარს აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოაცხადეს კოორდინირებული სანქციები "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) 11 წარმომადგენლის წინააღმდეგ - გავრცელებული ცნობებით, მათ კავშირი აქვთ კრიმინალურ ქსელთან, რომელიც მიზანში იღებს უცხოელ დისიდენტებსა და ირანის რეჟიმის ოპონენტებს.

XS
SM
MD
LG