Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში ამერიკელებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა „ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო - მედია


ფოტო არქივიდან. აშშ-ის და იორდანიის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები იორდანიაში
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და იორდანიის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები იორდანიაში

შიიტურმა მოძრაობამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“, აიღო პასუხისმგებლობა დრონით დარტყმაზე იორდანიაში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი და გამოცემა Washington Post-ი წერენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თავდასხმის შესახებ 28 იანვარს განაცხადეს და პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს დააკისრეს. ირანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.

ოსტინის ინფორმაციით, 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, სხვები კი დაიჭრნენ იორდანიის ჩრდილო-დასავლეთში, სირიასთან საზღვრის მახლობლად, ამერიკულ და კოალიციის ძალებზე თავდასხმის შედეგად. ეს ძალები იორდანიაში იმყოფებიან ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დრონით დარტყმის შედეგად 34 სამხედრო დაიჭრა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდამსხმელებს ადეკვატური პასუხით დაემუქრა. თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკელებზე შეტევას არ მოითმენენ და ყველა ზომას მიმართავენ შეერთებული შტატების და მისი ინტერესების დასაცავად.

ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები გახშირდა 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG