პანდემიის, კლიმატური კრიზისის, რუსეთ-უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომების, კორეის ნახევარკუნძულსა და ტაივანის სრუტეში დაძაბულობის შემხედვარე, მსოფლიო სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობს „აპოკალიფსისმაგვარი მოვლენისა“ თუ მესამე მსოფლიო ომის, ბირთვული ომის რისკებზე.
„მოვლენა“
მწერალი, მედიის თეორეტიკოსი დუგლას რუშკოფი საზოგადოებაზე ტექნოლოგიების გავლენას სწავლობს, ამაზე წერს და ციფრული კულტურის „განმაადამიანებელ შედეგებს“ აკრიტიკებს.
ამბობს, მე, მარქსისტი, მედიის თეორეტიკოსი კი ვწერ კაცობრიობის მომავლის სცენარებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს წინასწარმეტყველი ვგონივარ და რჩევებს მეკითხებიან - ძირითადად, იმაზე, თუ რომელ ტექნოლოგიურ სექტორში დააბანდონ ფულიო.
მწერლის თანახმად, ძირითადად, რჩევების მიცემაზე უარს ამბობს, მაგრამ ზოგჯერ, როცა ჩემი ინტერესიც და მათი შემოთავაზებული ფულიც მაღალია, ვხვდები ასეთ ხალხს და ველაპარაკებიო.
2022 წელს გამოცემულ წიგნში, „მდიდრების გადარჩენა“, რუშკოფი იხსენებს, როგორ სთხოვეს ერთხელ საუბარი და დაუთქვეს გასაიდუმლოებული შეხვედრა „უკიდურესად მდიდარმა დაინტერესებულმა პირებმა“ - შუაგულ უდაბნოში!
ლაპარაკი რომ დავიწყე, რეაქციებზე შევატყვე, რომ ამ ხუთ კაცს ტექნოლოგიის მომავალზე ჩემი ლექციის მოსასმენად არ ვყავდი მოწვეული და თავიანთ კითხვებზე პასუხები აინტერესებდათო, წერს. აი, მისი თქმით, რა ჰკითხეს მასპინძლებმა:
„ჯერ დაიწყეს: „ბიტკოინი თუ ეთერიუმი? VR-ი თუ AR-ი? ვისი იქნება პირველობა კვანტურ გამოთვლებში, ჩინეთის თუ გუგლის?“ მაგრამ, როგორც იქნა, იმაზეც მკითხეს, რაც მართლა აინტერესებდათ: „ახალი ზელანდია თუ ალიასკა? რომელ რეგიონს შეეხება მოსალოდნელი კლიმატური კრიზისი ყველაზე ნაკლებად?“.
კითხვები ამის შემდეგ გაუარესდა: „გლობალური დათბობა თუ ბიოლოგიური ომი? რამდენ ხანზე უნდა დაგეგმოს ადამიანმა გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტით, დახმარების იმედის გარეშე ცხოვრება? თავშესაფარს ჰაერის მიწოდების საკუთარი სისტემა უნდა ჰქონდეს თუ არა? მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხე როგორი იქნება?“
როგორც რუშკოფი წერს, ბოლოს ერთ-ერთმა აღიარა, ახლახან დავასრულე ჩემთვის ბუნკერის სისტემის მშენებლობა და მაინტერესებს, „მოვლენის“ შემდეგ უსაფრთხოების სისტემაზე კონტროლი როგორ შევინარჩუნო, - როგორ ვქნა ისე, რომ ჩემი უსაფრთხოებისთვის ჩემივე დაქირავებული ხალხი ასეთ აპოკალიპტურ სცენარში მე არ დამიპირისპირდესო.
„მოვლენა“ ევფემიზმი იყო. გარემოს კოლაფსის, სოციალური არეულობის, ბირთვული აფეთქების, „მზის შტორმის“, შეუჩერებელი ვირუსის ან რაიმე კომპიუტერული ვირუსის ევფემიზმი“, - ამბობს მწერალი.
„მილიარდერების ბუნკერები“
სიტყვათშეთანხმება „მილიარდერების ბუნკერები“ 2010-იან წლებში ჩნდება გუგლის საძიებო სისტემაში.
ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“ წერდა, რომ კომპანია SAFE-ი - „სტრატეგიულად შეიარაღებული და გამაგრებული გარემო“, - ოთხ კონტიტენტზე უშენებდა კერძო მეპატრონეებს ძვირადღირებულ თავშესაფრებს. ახლა ასეთი ბევრი კომპანია არსებობს.
10 წლის შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში, ამერიკული გამოცემის, WIRED-ის, ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ბუნკერს „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგიც აშენებს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად:
- ზაკერბერგს ჰავაის კუნძულებზე აქვს მშენებლობა დაწყებული - 270 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასახლეს იშენებს;
- 566 ჰექტარზე გადაჭიმული სამშენებლო პროექტი გასაიდუმლოებულია, გადაღება - აკრძალული;
- სამშენებლო პროექტი 600 კვ მეტრის ფართობის მიწისქვეშა თავშესაფარსაც მოიცავს.
ჟურნალისტურ გამოძიებასა და მედიაში „ბუნკერზე“ სტატიების შემდეგ, მარკ ზაკერბერგმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით „როცა ცოლი „ბუნკერში“ გამოგიჭერს“.
ვიდეოში ჩანს, როგორ შედის მისი ცოლი, პრისცილა ჩენი დიდ ოთახში, სადაც კინოთეატრის მსგავსი სივრცეა მოწყობილი და ზაკერბერგი მეგობრებთან ერთად ვიდეოთამაშს თამაშობს.
ეს იგივე ტერიტორიაა, სადაც ზაკერბერგმა სულ ახლახან დაასრულა ძროხების ფერმის მშენებლობა. 10 იანვარს ფეისბუკზე დაწერა, რომ იგი ახლა აწარმოებს „მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის საქონლის ხორცს“, - და ცხოველებს კვებავს მხოლოდ ადგილზე მოყვანილი საკვებით.
მოგვიანებით, კითხვაზე, რა მიზნით აშენებს მიწისქვეშა თავშესაფარს, ზაკერბერგის სპიკერმა სხვა გამოცემას, Time-ს უთხრა, რომ ჰავაის ადგილობრივი ხელისუფლება ახალისებს თავშესაფრიანი სახლების მშენებლობას და „ხელისუფლებამ ორი ათწლეულის წინ დაიწყო მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირება, თუკი ქარიშხალგამძლე ოთახებს ააშენებენ“.
სამიზნე: ახალი ზელანდია
მაგრამ ზაკერბერგი ერთადერთი არ არის - და არც ჰავაია ერთადერთი პოპულარული ადგილი ასეთი გეგმებისათვის.
PayPal-ის დამფუძნებელმა, ფეისბუკის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა, მილიარდერმა პიტერ ტიელმა ახალ ზელანდიაში წამოიწყო „ბუნკერის მსგავსი“ უზარმაზარი სახლის მშენებლობა.
საბოლოოდ, მას ნაკლებად გაუმართლა, რადგან 2022 წლის აგვისტოში ქალაქის ადგილობრივმა საბჭომ სამშენებლო პროექტი დაიწუნა და თქვა, რომ გარემოზე „გამოუსწორებელი უარყოფითი გავლენა“ ექნებოდა.
პიტერ ტიელი ცნობილი „ალარმისტია“. მისი მეგობარი, OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმენი ამბობდა, რომ ტიელი სერიოზულად განიხილავდა „პანდემიის ან გლობალური საზოგადოებრივი კოლაფსის“ შემთხვევაში გეგმა ბ-დ ახალ ზელანდიაში გადაფრენას. მისი ეს გეგმები ამჯერად შეჩერებულია.
მაგრამ ახალი ზელანდია, - რომელსაც ბევრი მიიჩნევს „იდეალურ ადგილად აპოკალიფტური მოვლენის შესახვედრად“, - ახლა სილიკონის ველის ელიტების ბუნკერებითაა გაჟღენთილიო, წერს გამოცემა Wired-ი.
არამხოლოდ მილიარდერები
მილიარდერები გრანდიოზულ „ბუნკერებზე“ ფიქრობენ, მაგრამ ბაზარზე უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც არსებობს.
კომპანია Vivos-ი („ვივოსი“) კლიენტებს სთავაზობს უკვე აშენებულ ბუნკერებს „არეულობებისგან, ძალადობისგან, პოტენციური სამიზნეებისა და დატბორვადი ზონებისგან მოშორებით“.
კომპანია ამ პროექტს ყიდის, როგორც „უდიდესი კერძო თავშესაფრების თემს მსოფლიოში“. ერთი ეგაა, რომ „ვივოსის“ ბუნკერები უკვე აშენებულია, აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში.
ეს კომპლექსი შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ააშენა 1942 წელს, როგორც „სამხედრო ციხესიმაგრე“, 1967 წელს კი გაუქმდა. ათწლეულების შემდეგ, 2016 წელს, „ვივოს ჯგუფმა“ ვრცელი ტერიტორია შეისყიდა და მას ახალი დანიშნულება მოუფიქრა.
„ვივოსის“ დირექტორი, დანკე ვიჩინო ამბობს, რომ „თემის წევრები არიან არა „ალარმისტები" ან „ელიტარული 1%-ის წარმომადგენლები“, არამედ კარგად განათლებული, ჩვეულებრივი ხალხი, რომელსაც კარგად ესმის გლობალური მოვლენები და პასუხისმგებლობით უდგებიან თავიანთი ოჯახების კეთილდღეობას კატასტროფული მოვლენის შემთხვევაში“.
ვიჩინოს თქმით, მისი კლიენტების ეკონომიკური მდგომარეობაც განსხვავებულია და არიან „ინდივიდები საშუალო კლასიდან, ასევე, ძალიან მაღალი შემოსავლების მქონე ინდივიდები“.
მესამე მსოფლიო ომი?
ჰოლივუდში ათწლეულებია, „სამყაროს დასასრულზე“ თუ პოსტაპოკალიფსურ საზოგადოებებზე ფილმებს იღებენ, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მძლავრდება შეგრძნება, რომ „არმაგედონში“, „შეშლილ მაქსში“ თუ „უკანასკნელ ჩვენგანში“ აღწერილი სცენარები სინამდვილედ შეიძლება იქცეს. ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ ასეთ სცენარად ახლა მესამე მსოფლიო ომი გამოიყურება - პოტენციური ბირთვული ომი.
ამ განწყობების ექო მეინსტრიმულ მედიაშიც აღწევს; წააწყდებით სტატიებს, სადაც ხსნიან, რომელი ქვეყნებია პოტენციურად ყველაზე უსაფრთხო მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში.
დიახ, ახალი ზელანდია მათ შორისაც არის. არა, საქართველო - არა.
და პოლიტიკოსებიც ბევრს საუბრობენ „მესამე მსოფლიო ომზე“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სულ ახლახან თქვა, რომ „ირანის მიერ ნასაზრდოები საშიში, რადიკალური ისლამური რწმენის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო“.
მაგრამ ზოგიერთი, - მაგალითად, აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების დაპირებით ცდილობს ამომრჩევლის მოთაფვლას. ტრამპმა, რომელიც „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატებში ლიდერობს, დეკემბრის ბოლოს აიოვაში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა:
„სამყაროს ახლა იმაზე მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე ოდესმე - იარაღის ძალის გამო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: მე ვიქნები ერთადერთი, რომელიც მესამე მსოფლიო ომს თავიდან აიცილებს“.
„მესამე მსოფლიო ომს“ დემოკრატების მხარესაც ახსენებენ. New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თავის თანაშემწეებს უთხრა: „ჩვენ ვცდილობთ მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდებას“. და ეს მესიჯი ოფიციალურ განცხადებებშიც ჩნდება.
- რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის თებერვლიდან აქტიურ ფაზაშია და ჯერ მისი დასრულების პერსპექტივები არ ჩანს;
- 2023 წლის ოქტომბრიდან კი ისრაელი-ღაზის ომი მიმდინარეობს, რომლის ეფექტებიც ამ დროისთვის მთელ ახლო აღმოსავლეთზეა გადმოსული;
ამერიკული კონსერვატიული „ფოკს ნიუზის“ ეროვნული უშიშროების ანალიტიკოსი, ყოფილი უშიშროების ოფიცერი ჰელ კემპერი ამბობს, რომ თუკი საბრძოლო მოქმედებები წყნარი ოკეანის რეგიონშიც დაიწყება, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგვეძლება საუბარი მესამე მსოფლიო ომზე:
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ომი ევროპაში, უკრაინის ომი. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, „გაფანტული“ ომი ახლო აღმოსავლეთში. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა მოხდება წყნარ ოკეანეში. თუ იქაურობაც აფეთქდება, დიახ, შემდეგ საქმე გვექნება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მესამე მსოფლიო ომთან“.
- დაძაბულობაა კორეის ნახევარკუნძულზე, - ჩრდილოეთი კორეა, რომელიც რუსეთთან მზარდი თანამშრომლობის დახმარებით ბირთვული იარაღის განვითარებისკენაა მომართული, შესამჩნევად ამკაცრებს რიტორიკას სამხრეთ კორეისადმი;
- ტრადიციულად ნარჩუნდება დაძაბულობა ტაივანის სრუტეში, - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ტაივანს შორისაც.