ექსპერტების შეფასებით, უკრაინა ზაფხულში დღეში 7000 საარტილერიო ჭურვს ისროდა; ახლა 2000-ს ისვრის. არადა, წესით, მას დღეში 10 000 ჭურვის სროლა უნდა შეეძლოს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს.
შეშფოთებას ისიც ამძაფრებს, რომ უკრაინისათვის იარაღის ყველაზე დიდ მიმწოდებელ ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო წელი დაიწყო და კონგრესმა 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება გადადო, რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის წინააღმდეგობის გამო.
წელს ვაშინგტონს ჯერ არ მიუწოდებია დამატებითი საბრძოლო მასალები უკრაინისათვის, რადგან ამ მიზნით გამოყოფილი ფული ამოწურულია. პირველად მოხდა, რომ 23 იანვარს ამერიკა არაფერი დაჰპირდა „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს“, ომით განადგურებული ქვეყნის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერების ფორუმს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში 18-ჯერ შეიკრიბა, რათა კიევი იარაღით მოემარაგებინა.
უკრაინის მოკავშირეებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები უნდა გააქტიურდნენ და მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას - ძირითადად ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე. ასეც ხდება, მაგრამ ახლა ევროკავშირიც და ნატოც ცდილობენ წარმოება გაზარდონ და, ერთობლივი შესყიდვების მოთხოვნის ზრდის შედეგად, მასშტაბის ეკონომია შექმნან.
პირად საუბრებში ორივე ორგანიზაციის ოფიციალური პირები ოპტიმიზმს გამოთქვამენ. დასავლეთს ამის შესაძლებლობაც აქვს და საჭირო ფულიც.
მთავარია, ორ მნიშვნელოვან კითხვას გაეცეს პასუხი: არსებობს თუ არა საკმარისი პოლიტიკური ნება? და შესაძლებელია თუ არა წარმოების სწრაფად გაზრდა?
გასულ კვირას, ევროკავშირის დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) სადისკუსიო დოკუმენტი გაუგზავნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ბლოკმა უკრაინის სამხედრო მხარდასაჭერად „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
დოკუმენტი, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, აღწერს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროპის უმოქმედობას მაშინ, როდესაც რუსეთი ომის ეკონომიკაზეა გადართული და მხოლოდ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5 პროცენტს ხარჯავს თავდაცვაზე: „რუსეთი დიდ ძალისხმევას დებს თავდაცვის ინდუსტრიული წარმოების გასაზრდელად და საბრძოლო დანაყოფების აღსადგენად. უკრაინა საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მიერ მომავალ პერიოდში გაკეთებული არჩევანი უკრაინას ან გადამწყვეტი წინსვლის საშუალებას მისცემს, ან სერიოზულად ავნებს მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას. უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პროგნოზირებად და სტრუქტურირებულ მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა უკრაინაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“.
ევროკავშირს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით ბევრი აქვს გაკეთებული. ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF), ევროკავშირის რეგულარული ბიუჯეტისგან განცალკევებული დაფინანსების მექანიზმის მეშვეობით, ბლოკმა დღემდე 3,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინაში იარაღის გასაგზავნად.
გარდა ამისა, EPF-ის თანხები ასევე გამოიყენეს ევროკავშირის მისიის, EUMAM-ის შესაქმნელად, რომელმაც ამ დრომდე 40 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: „უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების საჭიროებები მხოლოდ გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ დანაკარგების მაღალ მაჩვენებლებს და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას. 2023 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა დამატებით 500,000 ადამიანის მობილიზაცია. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს EUMAM-ის შესაძლებლობებზე, უზრუნველყოს ახალწვეულების საბაზისო წვრთნა და უზრუნველყოს ისინი საბაზისო აღჭურვილობით“.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინისათვის 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების სასწრაფოდ მიწოდებაა. ამ ჭურვების ამერიკულმა წარმოებამ 2025 წლისთვის წელიწადში 1 მილიონზე ოდნავ მეტს უნდა მიაღწიოს. შარშან ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2024 წლის მარტისთვის უკრაინას 1 მილიონ ჭურვს გადასცემდა და დამატებით EPF-ის კიდევ 2 მილიარდი ევრო გამოყო ამისათვის.
ამ ვადის ამოწურვამდე ორი თვე დარჩა და ჯერ ამის მხოლოდ ნახევარია გადაცემული, თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირებმა ჩემთან საუბარში გამოთქვეს ვარაუდი, რომ დასახული მიზნის მიღწევა კიდევ შესაძლებელია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ ევროპელი საბრძოლო მასალის მწარმოებლების უმეტესობა, ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, კერძო მფლობელობაშია. ისინი მიჩვეულნი არიან ნაკლები, უფრო დახვეწილი ჭურვების წარმოებას. მათ შეუძლიათ გადაეწყონ, მაგრამ ევროკავშირისგან გარანტიები სჭირდებათ, რომ მრავალწლიანი კონტრაქტები და სტაბილური შემოსავალი ექნებათ.
EPF-ის თანხები იწურება, ამიტომ EEAS-მა ასეთი წინადადება წარადგინა - წელს 5 მილიარდი ევროს დამატება და „შემდგომ ანალოგიური წლიური ზრდის გათვალისწინება 2027 წლამდე“. ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს 1 თებერვალს, ბრიუსელის სამიტზე განიხილავენ.
ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ. მაგრამ მერე რა მოხდება?
ამ წინადადების დასამტკიცებლად წევრი ქვეყნების ერთსულოვნებაა საჭირო. დათანხმდებიან ამას უნგრეთი და სლოვაკეთი, ორი ქვეყანა, რომლებმაც საჯაროდ უარყვეს კიევისთვის მეტი იარაღის მიწოდება? უნგრეთმა, მაგალითად, ზაფხულში ვეტო დაადო EPF-ის მიმდინარე, მერვე ტრანშს უკრაინისთვის - 500 მილიონ ევროს და, როგორც ჩანს, პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
გერმანიის საკითხიც გასათვალისწინებელია. ის EPF-ის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და საჯაროდ აყენებს ეჭვქვეშ ფონდის ეფექტიანობას. ერთია ვეტოს საკითხი და მეორეა ის, რომ ამ ინსტრუმენტით ევროკავშირის ქვეყნებს უნაზღაურდებათ არსებული მარაგებიდან იარაღის მიწოდებაც, ნაცვლად მხოლოდ ახალი შეკვეთების ანაზღაურებისა, რაც ინდუსტრიას მეტი წარმოებისაკენ უბიძგებდა.
რაც შეეხება ნატოს, აქ საქმე უფრო მარტივადაა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მოკავშირეები უკრაინას იარაღს ორმხრივ საფუძველზეც უგზავნიან, სამხედრო ალიანსი ერთობლივი შესყიდვების კუთხითაც აქტიურობს.
ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ (NSPA) ივლისის შემდეგ 10 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ამ თანხაში შედის 200 ათასი 155-მილიმეტრიანი ჭურვი და 1,000 „პატრიოტის“ რაკეტა, რომლებსაც ალიანსის წევრები შეიძენენ და შემდეგ უკრაინაში აღმოჩნდება. თუმცა, აქ დროის პრობლემაა - ჭურვები 24-36 თვეში იქნება მზად და „პატრიოტებს“ კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება.