Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მესამე ადგილზე - რა წერია ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში"


ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.
ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.

კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა - ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი" საქართველოს „მნიშვნელოვან უკუსვლაზე“ მიუთითებს.

ქულების მიხედვით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს - მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ.

ანგარიშის მიზანია უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული ზეგავლენების შესწავლა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების რეფორმებზე და ასევე, ევროკავშირთან დაახლოების სურათის განსაზღვრა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი" უკვე მეცხრედ გამოქვეყნდა - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულია 6 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანგარიშში ასახულ შეფასებებს "უნამუსობას" უწოდებს და კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირისპირდება.

საქართველო მესამე ადგილზე

დემოკრატია და კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა; ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება და მდგრადი განვითარება - ძირითად კატეგორიებში ქულების საშუალო მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა მოლდოვა (0.7), მეორეზე - უკრაინა (0.66), ხოლო მესამეზე - საქართველო (0.63). მეოთხე ადგილს იკავებს სომხეთი (0.61), მეხუთეს - აზერბაიჯანი (0.47), ხოლო მეექვსეს - ბელარუსი (0.45) - რუსეთის ყველაზე მთავარი მოკავშირე უკრაინასთან ომში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნა. საქართველო, წლების განმავლობაში, ლიდერის პოზიციებს იკავებდა.

„დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა“ 9 ქვეკატეგორიისგან შედგება. აქ საქართველოს საშუალო ქულაა 0.65 და ის ასევე მესამე ადგილს იკავებს მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ.

საქართველო ექვსივე ქვეყანას უსწრებს წინ 9-დან მხოლოდ ერთ ქვეკატეგორიაში - „სახელმწიფო ანგარიშვალდებულება“ (საქართველო - 0.83, მოლდოვა - 0.72, უკრაინა - 0.63).

დანარჩენ 8 ქვეკატეგორიაში საქართველო მესამე ან მეოთხე ადგილს იკავებს:

  • დემოკრატიული უფლებები, არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი (0.63 ქულა, მეოთხე ადგილი) - სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ;
  • ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები (0.65 ქულა, მესამე ადგილი) - უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ;
  • დამოუკიდებელი მედია (0.52 ქულა, მესამე ადგილი) - მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ;
  • ზრისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება (0.67 ქულა, მესამე ადგილი) - მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ;
  • დამოუკიდებელი მართლმსაჯულება* (0.56 ქულა, მეოთხე ადგილი) - მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის შემდეგ;
  • თანაბარი შესაძლებლობები და არა დისკრიმინაცია (0.66 ქულა, მესამე ადგილი) - მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ;
  • კორუფციასთან ბრძოლა* (0.72 ქულა, მესამე ადგილი) - სომხეთისა და მოლდოვის შემდეგ;
  • საჯარო ადმინისტრირება (0.59 ქულა, მეოთხე ადგილი) - მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის შემდეგ.

კატეგორიაში „პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან“ - ქულების საერთო რაოდენობით, საქართველო და მოლდოვა (0.64 ქულით) თანაბარ პოზიციებზე არიან და მათ მცირედით ჩამორჩება უკრაინა. ამ რეიტინგის 5 ქვეკატეგორიიდან - საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე უკან დგას ქვეკატეგორიაში - „თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება“.

რა წერია დოკუმენტში საქართველოზე?

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების კუთხით საქართველოს ქულა ერთ დონეზეა უკრაინისა და მოლდოვის მაჩვენებლებთან, მისი [საქართველოს] ევროკავშირთან საერთო დაახლოება დარჩა იმავე დონეზე - სერიოზული უკან დახევის გამო ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიისა და მმართველობასთან დაკავშირებული ინდიკატორების, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების აშკარა უპატივცემლობისა და მცდელობის გამო, დაამშვიდოს რუსეთი, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კონსენსუსს“, - ვკითხულობთ ტექსტში.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგა „როგორც დემოკრატიის, ასევე კარგი მმართველობის“ კუთხით და ქვეყნის მაჩვენებლები ხასიათდება „მნიშვნელოვანი შემცირებით, თუ არა მკვეთრი ვარდნით“, რაც „პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს“.

ამ კონტექსტში დასახელებულია: დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და მართლმსაჯულება და გარემო და კლიმატის პოლიტიკა.
ასევე აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს შეკრების თავისუფლება წარმოადგენს.

ანგარიშში შეფასებულია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესი და ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საქართველოში, სხვადასხვა დროს, მწვავე დისკუსიები მოჰყვა. ნათქვამია ასევე, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ 12-დან სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა.

ნახსენებია ე.წ. აგენტების შესახებ კანონიც.

დოკუმენტში გამოყენებულია ცნობილი ფოტო 2023 წლის მარტის აქციებიდან - „ქალი ევროკავშირის დროშით“.

„ეს კანონპროექტი ხელს უშლიდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, რადგან მიმართული იყო ხელისუფლების კრიტიკოსთა სტიგმატიზებისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ“, - ტექსტის თანახმად, ასეთი იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში.

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველო ყოველმხრივ უსწრებს წინ უკრაინასა და მოლდოვას და რომ 2022 წლის ივნისში ბრიუსელი უსამართლოდ მოიქცა, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.

შესაბამისად, მმართველ პარტიაში გაღიზიანება გამოიწვია „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში“ ასახულმა მაჩვენებლებმაც. ისინი ამბობენ, რომ ანგარიში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაწერილია.

„თურმე საქართველოში რეგრესია და მოლდოვაში არის პროგრესი. მოლდოვის სასამართლო, თურმე, უსწრებს [საქართველოსას]... ეს არის უსირცხვილობა, უნამუსობასთან ერთად“, - უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა და დასძინა, რომ საქართველოში „პროგრესი და წინსვლაა“, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს ვერ ასწავლიან.

„ოცნების“ თანახმად, "აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის“ ავტორები საქართველოს ევროინტეგრაციის დაზიანებას ცდილობენ.

ისევ საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის ერთ-ერთი ინიციატორია. „საიდანაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ“, - ამბობს ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

უკრაინას საქართველო ჩამორჩება „ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაში... ასიათასობით ადამიანის დაღუპვაში, ეკონომიკის დაქცევაში და ბუნდოვან მომავალში“, - ესეც მაჭარაშვილის სიტყვებია.

არის თუ არა კრიტიკა ახალი?

„ძალიან გამიკვირდა, რომ ხელისუფლებას „გაუკვირდა“ კრიტიკული შეფასება, მაგალითად - სასამართლოსთან დაკავშირებით. ბრჭყალებში ვსვამ, რადგან ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლოში რთული ვითარებაა და ამაზე არ ლაპარაკობენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამაზე ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორები", - ეუბნება რადიო თავისუფლებას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის“ მომზადების პროცესში ექსპერტის რანგში იყო ჩართული.

მას ვენეციის კომისიის მაგალითი მოჰყავს, "რომელთანაც თანამშრომლობს ხელისუფლება - უგზავნის კანონპროექტებს, ხვდება და ცდილობს დაუსაბუთოს თავისი პოზიცია", მაგრამ "ვენეციის კომისიის შეფასებები მაინც კრიტიკულია“.

ხიდაშელი ჩართული იყო „დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობის“ კატეგორიის მომზადების პროცესში, რამდენიმე მიმართულებით: ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, სასამართლო და დისკრიმინაცია.

ხიდაშელი ამბობს, რომ ნაწილი, რომელზეც ის მუშაობდა, სრულ თანხვედრაშია ევროკომისიის შეფასებებთან.

როგორ ისაზღვრება ინდექსი - რა ვიცით?

"ინდექსზე" აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ადგილობრივი 65 ექსპერტი მონაწილეობდა - მათი ნაწილი არასამთავრობო სექტორიდან არის.

რადიო თავისუფლება რამდენიმე მათგანს ელაპარაკა.

„გამოვიყენეთ საჯარო ინფორმაცია, გარემოს დაცვის სამინისტროდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია... საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. 2-3 თვე გვჭირდება ხოლმე კითხვარის შევსებაზე, წყაროებზე, მასალების შეგროვებაზე. ჩვენ რომ მივაწვდით, შემდეგ შემოწმების და შეჯერების ბევრ პროცესს გადის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე, რომელიც ასევე ექსპერტის რანგში იყო მიწვეული.

პროცედურის თანახმად: ექსპერტები ავსებენ სფეროების მიხედვით დაყოფილ სპეციალურ კითხვარებს და პასუხობენ მოკლედ - „კი“, „არა“ და „ნაწილობრივ“. პასუხებს უნდა ახლდეს დასაბუთებაც - საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები, კონკრეტული მუხლები კანონებიდან და მათ შორის - სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, თუკი ამის საჭიროება იქნება.

შემდეგ, შევსებული კითხვარები ეგზავნებათ სექტორალურ კოორდინატორებს, მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად, რის შემდეგაც ქვეყნებისთვის ქულების მინიჭება ხდება. დოკუმენტის მომზადების პროცესში იყენებენ ფოკუსჯგუფებსაც.

„[დოკუმენტი] ობიექტურ მტკიცებულებებს ეყრდნობა. ძალიან ბევრ ეტაპს გადის, ვიდრე გამოქვეყნდება. შარშან თებერვალში დაიწყო მუშაობა და მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეფასება არ იყოს სუბიექტური“, - განმარტავს თამარ ხიდაშელი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი“, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო უკუსვლას განიცდის და „ოცნების“ პოლიტიკამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ლიდერის სტატუსი დააკარგვინა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი" 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ინდექსის გამოთვლის მიზანია რეგიონში რისკებისა და შესაძლებლობების გამოვლენა, რაც სახელმძღვანელოა როგორც მონაწილე ქვეყნებისთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის.

* [განახლება] ქვეკატეგორიაში "დამოუკიდებელი მართლმსაჯულება" საქართველო მეოთხე ადგილზეა; ქვეკატეგორიაში "კორუფციასთან ბრძოლა" საქართველო მესამე ადგილზეა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG