Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების ბიურო უარყოფს კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებისას გაზის გამოყენებას


გამოსახლება თბილისში კეკელიძის ქუჩის N1-დან
გამოსახლება თბილისში კეკელიძის ქუჩის N1-დან

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციამ ბინის მეპატრონისა და მისი მხარდამჭერების შენობიდან გამოყვანისას მათ წინააღმდეგ გაზი გამოიყენა. განცხადების მიხედვით, „ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება“.

მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ბინაში გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომ საცხოვრებელში ამ ადამიანების მიმართ გაზი გამოიყენეს. ამასთან, "გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატში ცხელ ხაზზე შესული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, "ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც".

"სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აღსრულების პოლიციამ დღეს, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.

მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.

XS
SM
MD
LG