Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: აშშ აპირებს, უკრაინას მოსთხოვოს ომის წარმოების კონკრეტული გეგმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი, 5 სექტემბერი, 2023.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი, 5 სექტემბერი, 2023.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, დიდი ალბათობით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვს რუსეთთან ომის წარმოების უფრო კონკრეტულ გეგმას. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, უკრაინელი სამხედროები 2024 წლის გეგმას ამუშავებენ და ვაშინგტონს სურს დაადგინოს, თუ როგორ მოახდინოს საკუთარი მხარდაჭერის უკეთ კოორდინირება. ამავე დროს თეთრი სახლი შეშფოთებულია ცნობებით სავარაუდო უთანხმოების შესახებ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ამან შესაძლოა შემდგომი სტრატეგიის შემუშავება შეაფერხოს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდასაჭერად. გათვალისწინებულია კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის გაგზავნა. ეს ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული, რადგან კონგრესში რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ დაფინანსების საკითხები ცალ-ცალკე იქნეს განხილული.

უკრაინას 2023 წლის სამხედრო დახმარების ბოლო, 250 მილიონი დოლარის ოდენობის, პაკეტი დეკემბრის ბოლოს გაეგზავნა.

ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო მზადაა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ კიევს გამოეყოს ნაწილი რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივებიდან 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 411 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება, აღნიშნავს სააგენტო.

ეროვნული უშიშროების საბჭოსა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან ერთად სწავლობს უკრაინისთვის რუსული სახსრებით კომპენსაციის გადახდის საკითხს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის შესაძლო გადაცემაზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეს ძირს გამოუთხრის შეერთებული შტატების ფინანსურ ავტორიტეტს. პესკოვმა განმარტა, რომ მოსკოვს არ მიუღია ვაშინგტონისგან შეტყობინება რუსეთის ფულის კონფისკაციის გეგმის შესახებ.

XS
SM
MD
LG