Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიკსი“ გაფართოვდა, მაგრამ ექვსის ნაცვლად ხუთი წევრით - რატომ ამბობს არგენტინა უარს?


არგენტინამ, რომელსაც ახალი, მკვეთრად მემარჯვენე პრეზიდენტი ჰყავს, ბოლო წუთს უარი თქვა
არგენტინამ, რომელსაც ახალი, მკვეთრად მემარჯვენე პრეზიდენტი ჰყავს, ბოლო წუთს უარი თქვა

„ბრიკსი“ (BRICS), რომელსაც დასავლური სამყაროს ალტერნატივად მოიაზრებენ, 2024 წლის პირველი იანვრიდან გაფართოვდა. ახლა ალიანსი უკვე ათ ქვეყანას ითვლის - ჩინეთის და რუსეთის გარშემო გაერთიანებული ბლოკი იზრდება.

მაგრამ გაფართოების გეგმა მოულოდნელად შეიცვალა.

არგენტინამ, რომელიც სხვებთან ერთად უნდა შეერთებოდა „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენელთა კლუბს, ბოლო წუთს, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, უკან დაიხია.

სანამ პასუხს გავცემთ კითხვაზე, რატომ? უნდა ვიცოდეთ:

1. რა არის „ბრიკსი“?

„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა. წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:

  • B: ბრაზილია - სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით;
  • R: რუსეთი - ამ დრომდე ძირითადი მოთამაშე აზიასა და ევროპაში, ასევე მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით;
  • I: ინდოეთი - მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელშიც დიდი წილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების [software] სერვისებს;
  • C: ჩინეთი - ახლა რიგით უკვე მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, გლობალური წარმოების „ჰაბი“ და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, რომელმაც სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
  • S: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, - ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აფრიკის კონტინენტზე, 2024 წლამდე კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი.

ალიანსი საკუთარ თავს დიდი შვიდეულის - შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობის, - ალტერნატივად განიხილავს.

იგი ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ნაკარნახევი საერთაშორისო წესრიგი.

თავად კი წარმოადგენს „გლობალური სამხრეთის ხმას“, - როგორც ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ უწოდა ამ რამდენიმე თვის წინ.

სხვა სიტყვებით, "ბრიკსი“ წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივას, - წესრიგისა, რომლითაც ეს ქვეყნები, - პირველ რიგში, ჩინეთი და რუსეთი, - უკმაყოფილონი არიან.

„სტატისტას“ მონაცემებით, 5-წევრიანმა „ბრიკსმა“ ეკონომიკის ზომით - მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით - 2023 წლისთვის გადაუსწრო „დიდ შვიდეულს“. ბლოკის ეკონომიკური წარმატების განმსაზღვრელები ძირითადად ჩინეთი და ინდოეთი არიან.

2. ვინ არიან ახალი წევრები?

„ბრიკსში“ გაერთიანება არაერთ სახელმწიფოს სურს.

როდესაც 2023 წლის აგვისტოში ლიდერები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, „ბრიკსის“ ქვეყნების მე-15 სამიტზე შეიკრიბნენ, იმ დროისთვის მსურველების სიაში 23 ქვეყანა იყო.

ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 6 ახალი წევრი დაემატებინათ და ეს მატება ოფიციალურად 2024 წლის იანვარში აისახებოდა.

საბოლოოდ, იანვრიდან ბლოკს 5 წევრი შეემატა. ახალი წევრები არიან:

  • ეგვიპტე - აფრიკისა და არაბული სამყაროს ძლიერი მოთამაშე, აქტიური ტურისტული და სოფლის მეურნეობის სექტორებით; ასევე, სუეცის არხის დამსახურებით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანა;
  • ირანი - ნავთობითა და გაზით მდიდარი, თუმცა არაერთ კონფლიქტში გახვეული, დასავლური სანქციების გამო დასუსტებული რეგიონული ძალა ახლო აღმოსავლეთში;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - სტრატეგიული მდებარეობის მქონე სახელმწიფო, რომლის ეკონომიკას ნავთობი და ტურიზმი ამოძრავებს.
  • საუდის არაბეთი - ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოპეკში, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში. საუდის არაბეთი, რომელიც ტრადიციულად შეერთებული შტატების პარტნიორი იყო, ბოლო პერიოდში ჩინეთთან ავითარებს ურთიერთობებს;
  • ეთიოპია - აღმოსავლეთ აფრიკის, სომალის ნახევარკუნძულის „განვითარებადი გიგანტი“.

და არა, სახელში ცვლილებები არ იგეგმება. აბრევიატურა „ბრიკსი“ უცვლელი რჩება.

3. 45, 28, 44 - მნიშვნელოვანი ციფრები

BBC-ის თანახმად, 2024 წლისთვის, 10 წევრისგან დაკომპლექტებული „ბრიკსის“ მახასიათებლები ასეთია:

  • გაფართოებული ჯგუფის საერთო მოსახლეობა 3.5 მილიარდს აჭარბებს - ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 45%-ს;
  • ჯამურად მისი ეკონომიკის ზომა 28.5 ტრილიონ აშშ დოლარს სცდება - მსოფლიო ეკონომიკის 28%-ს;
  • „ბრიკსის“ ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიოში გაყიდული ნავთობის 44%-ს;
  • ისინი განიხილავენ საერთო ვალუტის შექმნას, რათა ამერიკულ დოლარს გაუწიონ კონკურენცია;
  • აგრძელებენ „ახალი განვითარების ბანკის“, იგივე „ბრიკსის ბანკის“ განვითარებას. ბანკის კაპიტალი ამჟამად 50 მლრდ აშშ დოლარია და ის განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს - თანაც ისე, რომ ამისთვის პოლიტიკურ პირობებს არ აწესებს, რაც არადემოკრატიული მთავრობებისთვის მიმზიდველია.

4. ვისთვის რას ნიშნავს "ბრიკსი"?

ჩინეთისთვის ეს ალიანსი მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებაა, რაც მისთვის აუცილებელია შეერთებულ შტატებთან მეტოქეობაში, ასევე, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში.

„ბრიკსი“ რუსეთისთვის დასავლეთთან დაპირისპირების მორიგი ფრონტია, - უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლური სანქციების დამარცხების საშუალება და, ამავე დროს, შესაძლებლობა, აჩვენოს დასავლეთს, რომ მას კვლავ ჰყავს მეგობრები და მოკავშირეები.

სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგრამ, ბერძენი მემარცხენე ეკონომისტის, საბერძნეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, იანის ვარუფაკისის სიტყვებით, „ბრიკსი ჩინეთია“:

„მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. „ბრიკსი“ ჩინეთია. ინდოეთი ცდილობს, რაღაც შუა პოზიცია დაიჭიროს [შტატებსა და ჩინეთს შორის], ემირატები ცდილობს, დასავლეთი-„ბრიკსის“ დაპირისპირებით სარგებელი მიიღოს; საუდის არაბეთს სურს, შეთანხმებებს მიაღწიოს [საუდის არაბეთმა და ირანმა ჩინეთის მედიაციით მიაღწიეს შეთანხმებას 2023 წლის გაზაფხულზე] და დოლარის ზონიდან გასვლა არ სურს“, - თქვა ვარუფაკისმა, რომელიც თავადაც ეწინააღმდეგება დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკურ დომინაციას მსოფლიოში.

5. არგენტინის უარი - რატომ?

სწორედ ჩინეთის დომინანტური როლისა და დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების გამო თქვა არგენტინამ უარი „ბრიკსში“ გაერთიანებაზე.

წინა პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი „ბრიკსში“ გაერთიანების მომხრე იყო და მასში ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას ხედავდა. მაგრამ ახალ პრეზიდენტს სხვა მოსაზრებები აქვს.

„მე არ წავახალისებდი ურთიერთობებს კომუნისტებთან... [მათ შორის] არც ჩინეთთან“, - ამბობდა 2023 წლის აგვისტოში, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ხავიერ მილეი. საპრეზიდენტო კამპანიისას ის ხშირად გამოდიოდა „კომუნისტური რეჟიმების“, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგ.

მილეიმ, - რადიკალმა მემარჯვენე პროფესორმა, რომელიც მარგინალ პოლიტიკოსად ითვლებოდა, - 2023 წლის შემოდგომაზე მოულოდნელად დაამარცხა მემარცხენე-ცენტრისტული მმართველი პარტიის კანდიდატი, სერხიო მასა, და პრეზიდენტი გახდა.

წლის ბოლო სამუშაო დღეს, 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში „ბრიკსის“ ქვეყნების ლიდერებისადმი, მილეი ახლა უკვე პრეზიდენტის ამპლუაში წერს, რომ არგენტინისთვის ახლა არ არის „ხელსაყრელი დრო“ ალიანსში გასაწევრებლად.

არადა, არგენტინა ერთ-ერთი იყო იმ ექვსი ქვეყნიდან, რომელთა შეერთებაც „ბრიკსის“ ლიდერებმა 2023 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს.

მაგრამ ხავიერ მილეი, დეკემბერში პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, რადიკალურად ცვლის არა მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკას, არამედ საგარეო-პოლიტიკურ კურსსაც.

საგარეო პოლიტიკაში მილეის მიდგომაა „დასავლეთის თავისუფალ ქვეყნებთან“ სრული თანხვედრა, - განსაკუთრებით კი, შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან. რუსეთთან ომში ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას.

ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების მომლოდინე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბრის დასაწყისში სწორედ არგენტინაში ჩავიდა, რათა მილეის ინაუგურაციას დასწრებოდა; სწორედ იქ შეხვდა და მცირე ხნით ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელიც უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების გახსნის მოწინააღმდეგე იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი ბუენოს-აირესში
ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი ბუენოს-აირესში

„ბრიკსში“ გაწევრებაზე უარის მიუხედავად, მილეი ახლა მეტი სიფრთხილით ეკიდება ჩინეთთან ურთიერთობას, ვიდრე საარჩევნო კამპანიისას. ჩინეთი არგენტინის სავაჭრო პარტნიორებში მეორე ადგილზეა.

ბლოკის ლიდერებისადმი წერილში მილეი წერს, რომ მზადაა, ხუთივე ლიდერს შეხვდეს და სურვილს გამოხატავს, რომ „ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადები გაიზარდოს“.

XS
SM
MD
LG