Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ალმასის უდიდეს მომპოვებელს


3 იანვარს ევროპის კავშირმა ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ალროსას“ და მის გენერალურ დირექტორს.

AFP-ის ცნობით, ევროკავშირი დეკემბერში დათანხმდა რუსეთიდან ალმასის გატანის აკრძალვას, რათა გაემკაცრებინა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები, კრემლის ხაზინისთვის ზარალის მიყენების მიზნით.

ევროკავშირმა შავ სიას დაამატა „ალროსა“ - მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი უდიდესი კომპანია - და მისი ხელმძღვანელი პაველ მარინიჩევი.

ამ სიაში შეტანილ კერძო და იურიდიული პირებს აქტივებს უყინავენ ევროკავშირში და მათზე არ გაიცემა სამოგზაურო ვიზები.

AFP-ის მონაცემებით, „ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა.

”ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი”, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

XS
SM
MD
LG