Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედრო ტყვეები რაბოტინოსთან, სავარაუდოდ, რუსეთის 76-ე დივიზიის მებრძოლებმა დახოცეს - კიევი


უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი სამი უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტაში სავარაუდო ეჭვმიტანილებად მიიჩნევს რუსეთის 76-ე, ფსკოვის დივიზიის მედესანტეებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, გენერალური პროკურატურის შეიარაღებულ კონფლიქტში დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროს იური ბელოუსოვზე დაყრდნობით. უკრაინელი სამხედროები მიმდინარე თვეში ზაპოროჟიეს რეგიონში, რაბოტინოს დასახლებულ პუნქტთან დახვრიტეს.

ხუთშაბათს იური ბელოუსოვმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაული 76-ე რუსული ბრიგადის მებრძოლებმა ჩაიდინეს. მან აღნიშნა, რომ დადგენილია დაღუპული ჯარისკაცების სახელები, მაგრამ მათი ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდა, გარკვეული გადამოწმების შემდეგ. პროკურატურას არ უთქვამს, სად არის გარდაცვლილთა ცხედრები.

27 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების მტრის მიერ ზაპოროჟიეს მახლობლად დახვრეტის ფაქტზე.
გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ რაბოტინოსთან სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით.

უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ.

XS
SM
MD
LG