უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.
იჰორ კლიმენკოს 26 დეკემბრის განცხადების თანახმად, თავდასხმისას სადგურში იმყოფებოდა დაახლოებით 140 სამოქალაქო პირი, რომლებიც საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ. ეს თავდასხმა თავის საღამოს გამოსვლაში ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ სამაშველო ძალები ზომებს იღებენ.
უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორმა გაავრცელა ცნობა, რომ თავდასხმის დროს დაზიანდა სადგური და მატარებლები. „ამ დროისთვის ცნობილია რამდენიმე დაშავებულის შესახებ, მგზავრები თავშესაფარში იმყოფებიან", - ნათქვამია ცნობაში.