Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემოსვლის მსურველი უკრაინის ოცამდე მოქალაქე საზღვართან ბუფერულ ზონაშია


ფოტოკოლაჟი: რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელები
ფოტოკოლაჟი: რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინელები

საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უკრაინის ოცამდე მოქალაქე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაშია და საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. მათი უმეტესობა ყოფილი პატიმარია, ორი კი რუსეთში ცხოვრობდა.

როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას უამბო უკრაინის მოქალაქე ანდრეი სუჟკომ, უკვე სამი კვირაა, რაც საზღვარზე იმყოფებიან.

"უკრაინაში მინდა მოვხვდე, ცუდად ვარ, კუჭის წყლული მაწუხებს, სასწრაფო გამოვიძახე და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით შემოიფარგლა. მკურნალობა მჭირდება, რა გავაკეთო არ ვიცი", - ამბობს სუჟკო.

მისი სიტყვებით, საზღვართან მყოფებს შორის ერთი ტუბერკულოზითაა ავად. ყველანი სარდაფის იატაკზე წვანან.

"ყველანი ერთად ვართ სარდაფში, ყველანაირი პირობების გარეშე. არიან ისეთებიც, ვინც აქ თვეზე მეტია იმყოფება", - თქვა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი უკრაინელი პატიმრები "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან, ბუფერულ ზონაში რჩებიან. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა აგვისტოში რუსეთიდან დეპორტირებული 6 უკრაინელიც. ისინი საქართველოში 11 დღის შემდეგ შემოუშვეს.

ოქტომბერში ნეიტრალურ ზონაში ყოფნა მოუხდა შვიდ კაცს. ნოემბრის ბოლოს უკრაინელების დახმარების ფონდმა Volunteers Tbilisi-მ გაავრცელა ინფორმაცია 16 ყოფილ პატიმარზე, რომლებიც საქართველოში შეშვების ნებართვას ელოდნენ.

"უკანასკნელად სწორედ ნოემბრის ბოლოს შეუშვეს", - ამბობს ანდრეი სუჟკო. მისი თქმით, მოელიან, რომ საზღვართან უკრაინიდან და ვოლგოგრადიდან მივა მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი.

საქართველოს საზღვართან მყოფი ვადიმ ლევჩენკო გამოცემა Paper Kartuli-ს მოუყვა, რომ უკვე თვეზე მეტია იქაა.

"2014 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, ყირიმში უკრაინის მოქალაქეობა შევინარჩუნე. რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობაზე უარის, უკრაინის გერბის გამოსახულებიანი სვირინგისა და ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო ხანგრძლივი დევნის შემდეგ ჩემი უკრაინაში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ უკრაინის საკონსულო რატომღაც ჩემს პირად მონაცემებს არ ადასტურებს", - ამბობს ლევშენკო.

აგვისტოში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, უწყებისვე ცნობით, ქვეყანაში შემოუშვა „იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა".

რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ფლობს თუ არა ინფორმაციას საზღვართან მყოფი უკრაინელების მდგომარეობაზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული პასუხი აისახება მასალაში.

XS
SM
MD
LG