ოთხშაბათს ევროკავშირმა მიგრანტების მიღების ახალი წესები შეათანხმა. ისინი შესაძლებელს გახდის თავშესაფრის მაძიებელთა უფრო თანაბრად განაწილებას ევროპის ქვეყნებში და, სავარაუდოდ, შეამცირებს იმათ რიცხვს, ვის განცხადებებსაც მიიღებენ. უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ეს მიგრანტების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს.
მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები შემოიღებენ მიგრანტების შესახებ ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც შეიტანენ მონაცემებს ყველა ახლად ჩასულის შესახებ. ეს ბაზა, Eurodac-ი, გამოყენებულ იქნება იმათი განთესვისთვის, ვისაც ევროპამ ადრე უკვე უთხრა უარი თავშესაფარზე.
ახალი პროცედურა ითვალისწინებს მიგრანტების საქმეთა განხილვის ორ შესაძლო მეთოდს: განხილვის ჩვეულებრივ გზას ემატება დაჩქარებული განხილვა, რომელიც მაქსიმუმ 12 კვირა შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მიგრანტებს დაასახლებენ არა იმ ქვეყნებში, სადაც ისინი თავშესაფარს ითხოვენ, არამედ მათი მიღების პუნქტებში, საზღვრებზე. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ამ გზით გამორიცხავს იმ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც შესაძლოა მუქარას უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე იმ ქვეყნებიდან ჩასულებს, რომლებიც მათ მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგალითად, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და მაროკოდან.
პაქტის ფარგლებში ხმარებაში შემოდის „აუცილებელი სოლიდარობის“ ცნება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულებას კისრულობენ, ან გარკვეული რაოდენობის მიგრანტები მიიღონ, ან გადასახადი გადაიხადონ ყოველი მათგანისთვის, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან და დააფინანსონ მათი განაცხადების დამუშავება.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მთხოვნელთა მიღების გამკაცრებას ლტოლვილთა მასობრივი მოზღვავების შემთხვევებში.
ახალი პაქტი ევროკავშირის ბევრმა წარმომადგენელმა მოიწონა, მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ და ევროპარლამენტში შვედეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.
ამავე დროს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია მწვავედ აკრიტიკებს პაქტს. Amnesty International-ის თანახმად, ევროპაში თავშესაფრის მიღების პროცედურის გამკაცრება „გაზრდის მიგრანტებისა და ლტოლვილების ტანჯვას მათი გზის ყოველ ნაბიჯზე“.
ლტოლვილთა საკითხების ევროპულმა საბჭომ (ECRE), რომელშიც 117 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, პაქტის მიღებას უწოდა „შავი დღე ევროპისთვის“, თავად დოკუმენტს კი - „ჩახლართულობით ბიზანტიური და სისასტიკით ორბანული“. ECRE-ის მტკიცებით, პაქტი მიგრანტებს უარს ეუბნება დაცვაზე და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის საშუალებას იძლევა.
გაეროს ლტოლვილთა უწყების თანახმად, 2023 წელს მარტო ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩავიდა 153 ათასი თავშესაფრის მაძიებელი - ძირითადად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.