Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთობა უნდა იყოს გზაზე, რომელიც დაიწყება, იმედია, 15 დეკემბერს" - პრეზიდენტმა შეაჯამა კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი საქართველო 15 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, "გზის გასაგრძელებლად" მთავარია ერთობა.

ეს პრეზიდენტმა თქვა კამპანიის, "შენი ხმა ევროპას" დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შეკრებას დიპლომატები და პოლიტიკოსები დაესწრნენ. მიღებაზე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს სიმბოლურად გადასცა ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები, რომლებიც შეგროვდა კამპანიის ფარგლებში.

"გზაჯვარედინია დღეს საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე. იმედი მაქვს, ორ დღეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, ასე გავაგრძელებთ. 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. ჩვენ ორმაგად ვალდებული ვიქნებით, გავაგრძელოთ ეს გზა, ის გზა გასაგრძელებელი იქნება ყველასი ერთად. არასოდეს როგორც დღეს, არ ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. თუ ჩვენ შიგნით დაგვაპირისპირეს, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ.

ყველაფერში ერთიანი არ ვიქნებით, იწყება საარჩევნო წელი და იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური დავა და მწვავე დისკუსიები. ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც დაიწყება, იმედი მაქვს, 15 დეკემბერს. ამ გზაზე და იმაზე, რაც არის გასაკეთებელი შემდეგ, იმისათვის რომ გავიდეთ ბოლოში, მაშინ ჩვენც უნდა დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას. ამისთვის გვაქვს სამოქმედო გეგმა და მასზე უნდა ვიყოთ ერთიანები", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც 15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა და 27 სახელმწიფოს კონსენსუსის იმედი გამოთქვა.

"რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში და მინდა გამოვიყენო ზედსართავი "ისტორიული", რომელიც შეესაბამება ამ შემთხვევას - 27 ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოებაზე. ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ 8 ნოემბერს ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ და მოახდინონ პაკეტების ადაპტირება.

იმედია, წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მჭიდროდ ევროკომისიის რეკომენდაციას. ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს ძალიან მაღალი თამასაა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი სასარგებლო შედეგებს მოგვიტანს", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ღონისძიებაზე პეტიციით, "ჩემი ხმა ევროპას", მივიდა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მან თქვა, რომ პეტიციას ხელი მოაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ის იყოს იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ამიტომ ის უერთდება ამ პეტიციას. დღეს "რუსული ოცნების" გარდა, ყველა უერთდება პეტიციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - "ჩემი ხმა ევროპას" - გადავცე პრეზიდენტ ზურაბიშვილს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეკრებაზე იყო "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს:

"აქ ვარ ქართველი ხალხის ნების ასასახად, ვისაც სურს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. დღევანდელ სახელმწიფოში ერთადერთი დაწესებულება, ინსტიტუტია, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპული ხელისუფლების მოპოვებისთვის, კანდიდატის სტატუსი პანაცეა ვერ იქნება. ესაა წინგადადგმული ერთი ნაბიჯი", - თქვა მელიამ ორბელიანების სასახლეში შესვლამდე.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეკრებას დიპლომატების გარდა, დაესწრნენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე არავინ მივიდა მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან".

2023 წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრორუსულ პოზიციაში სდებენ ბრალს, შეეცადა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს, „მოკლას დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი“.

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "შენი ხმა ევროპას" დაიწყო 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ევროკავშირის გაფართოების საკითხს ბლოკის სამიტზე 14-15 დეკემბერს განიხილავენ. სამიტის შედეგებით, საქართველოს შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. სამიტზე ასევე შეიძლება გადაწყდეს უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

XS
SM
MD
LG