Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას


აშშ-ის მისიის შენობა ჟენევაში
აშშ-ის მისიის შენობა ჟენევაში

ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაში, რომელიც ეხება ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდს, ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე აყენებს საკუთარ ძალებს. რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

ყველა ამ დარღვევას შედეგად მოჰყვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს", - წერია განცხადებაში.

განცხადებით აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, "დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული თავისი ცალსახა ვალდებულება" და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. აშშ ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი სხვა ვალდებულებები, რომლებიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე შეუზღუდავ წვდომას და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას.

"რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად".

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას 58 წლის თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მასთან ერთად მყოფი 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა სოფელ კირბალის მიმდებარედ, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშანთან მომხდარის შესახებ.

მისი თქმით, გამაფრთხილებელი და საბურავებში სროლის გარდა, რუსი სამხედრო მათ ავტომობილს დამიზნებით ესროდა, რა დროსაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ტყვია მოხვდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.

თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.

თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი უწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.

XS
SM
MD
LG