ისრაელსა და გაეროს შორის კონფლიქტი გამწვავდა. ისრაელმა გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაეროს გენერალ მდივან ანტონიუ გუტერეშს.
5 დეკემბერს გუტერეშმა გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევიდან პირველად ისარგებლა გაეროს წესდების 99-ე მუხლით, რომელიც უფლებას აძლევს, უშიშროების საბჭოს მიმართოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სარისკო საკითხით და მოუწოდა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად, ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელოს.
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ისრაელის არმიის მიერ სახმელეთო ოპერაციის გაფართოებამ სამხრეთით, რომელსაც თავს აფარებდნენ ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელებიც.
გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ გენერალურმა მდივანმა მორალური დაცემის ახალ ზღვარს მიაღწია. მან და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდეს. ერდანის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება რეალურად ნიშნავს მოწოდებას „ჰამასის“ ტერორის გაგრძელებისკენ. ისრაელი აცხადებს, რომ გაეროს სჭირდება გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმთან ომს და არ მოქმედებს „ჰამასის“ მიერ დაწერილი სცენარით.
ისრაელმა გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა ოქტომბრის ბოლოსაც, მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე არ მომხდარა, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 16 000-ზე მეტი ადამიანი.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.