რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ აბდოლაჰიანმა, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს დეკლარაციას სანქციების უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ მოქმედებისა და კომპენსაციის შესახებ.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი შესაძლებელს გახდის, გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა „უკანონო“ შეზღუდვების წინააღმდეგ, „რომლებითაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს“.
ირანის წინააღმდეგ უკვე 40 წელი, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, მოქმედებს საერთაშორისო სანქციები.
შარშან თებერვლამდე თეირანი მსოფლიო ლიდერი იყო ადამიანებისა და კომპანიების თვალსაზრისით, რომლებსაც შეეხო შეზღუდვები. Castellum.AI-ის ანალიტიკოსების დაანგარიშებით, 2022 წლის 22 თებერვლისთვის ირანის წინააღმდეგ შემოღებული იყო 3600-ზე მეტი სანქცია, რუსეთის წინააღმდეგ - თითქმის 2700.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეზღუდვების თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერად იქცა რუსეთი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს 15200 სანქცია, ირანის წინააღმდეგ - ათასზე ცოტა მეტი.
7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავა ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი. ირანის მედიის ცნობით, ვიზიტი, რომელიც პუტინის მიწვევით იმართება, ერთდღიანი იქნება. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებების ძირითადი თემები იქნება კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ასევე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ეს მოსკოვში რაისის მეორე ვიზიტი იქნება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ. რუსეთში მისი წინა ვიზიტი 2022 წლის იანვარში გაიმართა.