Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს


სოფელი აძვი. 20 თებერვალი, 2020 წელი
სოფელი აძვი. 20 თებერვალი, 2020 წელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ხვიჩა კორინთელი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო კაგებეს ცნობით, ნოემბერში დაკავებული ხვიჩა კორინთელი სამშაბათს ცხინვალიდან გააძევეს.

"2023 წლის 24 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული კორინთელი ხვიჩა, მცხოვრები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში. დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, განზრახ გადავიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარზე", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გამოძიების დროს კორინთელმა სრულად აღიარა დანაშაული და მოინანია თავისი ქმედება.

"5 დეკემბერს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, კორინთელი გააძევეს რესპუბლიკიდან", – აცხადებენ პრესსამსახურში.

ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს. დაკავებულთა ნათესავების მონათხრობით, ხვიჩა კორინთელი ძმისშვილთან, დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად სწორედ ამ ეკლესიაში წავიდა, თუმცა ისინი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ ხვიჩა კორინთელის თანმხლებ პირებს, დიმიტრი კორინთელს და გიორგი მელაძეს.

XS
SM
MD
LG