რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ განიხილავს ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას. ამის შესახებ კომპანიის ვებსაიტი იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში ეკუთვნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“. ამის მიზეზად ის ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება. ბულგარეთი აღარ აწარმოებს რუსული გაზის იმპორტს, ნავთობის იმპორტი კი 2024 წლის ბოლომდეა ნებადართული.
როგორც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური აღნიშნავს, „ლუკოილს“ დომინანტური პოზიცია აქვს ბულგარეთის საწვავის ბაზარზე. მრავალი წლის განმავლობაში ის არ იხდიდა გადასახადს. ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ის ბულგარეთში მუშაობდა კომპანია „ლიტასკოს“ მეშვეობით, რომელიც რუსული „ლუკოილისგან“ ნედლ ნავთობს ყიდულობდა და შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყიდულობდა მისგან.
ბულგარეთის მმართველი მემარჯვენე კოალიციის პარტიები ირწმუნებიან, რომ „ლუკოილს“ ბულგარეთის სახელმწიფოს 500 მილიონამდე ევროს ოდენობის ვალი აქვს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან, უკვე 2024 წლის გაზაფხულზე თქვან უარი რუსული ნავთობის იმპორტზე, თუკი „ლუკოილი“ ვალს არ გადაიხდის. კომპანიაში უარყოფენ დავალიანების არსებობას.
ივლისში „ლუკოილს“ შეუწყდა კონცესია როსენეცის ნავთობის ტერმინალზე. ასევე რუსული კომპანია ორჯერ დააჯარიმეს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის.
კომპანიის განცხადების გამოქვეყნებიდან მალე, სამშაბათს, ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა თქვა, რომ ხელისუფლება აკვირდება „ლუკოილის“ მოქმედებებს და რომ ბულგარეთს არავითარ შემთხვევაში არ ემუქრება საწვავის დეფიციტი.