აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე, ფაქტობრივად, მიღწეულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება.
„არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ. ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა - ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურის პირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „კვირის" პრესკლუბში.
როგორც იგი ამბობს, არანაირ პოლიტიკის ცვლილებას არ აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით. „ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს", - განაცხადა მან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის გამართვა 5-6 დეკემბერს იგეგმება.
კონსტანტინე ფილიამ, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად.
„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ შევეცდებით, რომ ამ ფორმატში პრეტენზიები მოვაგვაროთ... დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, - თქვა ფილიამ.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართული მხარე მოითხოვდა, მოლაპარაკების მონაწილეებს ენგურის ხიდი პირადობის მოწმობებით გადაეკვეთათ, რასაც ე.წ. ხელისუფლებისგან წინააღმდეგობა მოჰყვა. მათი განცხადებით, აუცილებელი იყო პასპორტები.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილაპარაკა მდინარე ენგურის მიმდებარედ ნეიტრალური ტერიტორიის მოძებნის და იქ კარვებში შეხვედრების გამართვის შესახებაც.
რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ფილიამ თქვა: „დაე, ეს ჟენეველები აქ შემოვიდნენ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. ... იქ, ჟენევაში, არაფერი გადაწყდება“.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა.
თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.