ბრაზილიის მემარცხენე პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა თავის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრაზილია, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, 4 დეკემბერს ბერლინში, გერმანიის და ბრაზილიის მთავრობათა კონსულტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლულა და სილვას ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში. ბრაზილიის პრეზიდენტმა არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა და თქვა, რომ ამას სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ამასთან, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს.
ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კრემლთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა, 2023 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
2023 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტი არ ჩავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში, სადაც ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის(BRICS) მეთაურთა სამიტი ჩატარდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანას, პუტინის დაპატიმრების ვალდებულება აქვს.
- 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.