Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანესბურგში პუტინის ნაცვლად ლავროვი ჩავიდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში, რომელიც 22-24 აგვისტოს მასპინძლობს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის(BRICS) მეთაურთა სამიტს. ეს გაერთიანება 2006 წელს დაფუძნდა პეტერბურგში გამართული ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

BRICS-ის სამიტს უნდა დასწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე.

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ BRICS-ის ლიდერთა სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება. თავად პუტინმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთში მისი ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამიტში მონაწილეობა.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტი პუტინი BRICS-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ მიიღებს და სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკებს ამ ორგანიზაციაში რუსეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე. რუსეთი BRICS-ის თავმჯდომარეობას 2024 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან გადაიბარებს.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

2023 წლის 25 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა“, მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება საერთაშორისო შეთანხმების, რომის სტატუტის ხელმომწერად და შესაბამისად, კვლავ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.

XS
SM
MD
LG