Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: ისრაელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმარჯვოს, თუკი მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ბრიუსელი, 12 ოქტომბერი, 2023.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ბრიუსელი, 12 ოქტომბერი, 2023.

ისრაელი ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ბრძოლებს აწარმოებს დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულად არის მიჩნეული აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, და ის გამარჯვებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს სამოქალაქო მოსახლეობას. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა რეიგანის სახელობის თავდაცვის ეროვნულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ისრაელზე ზეწოლას სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. ოსტინის სიტყვებით, ტაქტიკური გამარჯვება შესაძლოა სტრატეგიულ მარცხად გადაიქცეს, თუკი სამოქალაქო მოსახლეობა „მტერს ჩაეხუტება“.

ოსტინმა გაიხსენა საკუთარი საბრძოლო გამოცდილება ქალაქის გარემოში, როცა ის ერაყში იბრძოდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

„ისევე, როგორც ‘ჰამასი’, ‘ისლამური სახელმწიფოც’ ღრმად არის ფესვგადგმული ქალაქურ დასახლებებში და საერთაშორისო კოალიცია ყოველ ღონეს ხმარობდა სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული დერეფნების შესაქმნელად, გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი“, - თქვა ოსტინმა. ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა განხილვას არ ექვემდებარება.

ოსტინის გამოსვლამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ „ძალზე ბევრი უდანაშაულო პალესტინელი იქნა მოკლული“ და ღაზის სექტორის ტანჯვას „გამანადგურებელი“ უწოდა.

ღაზის სექტორში საბრძოლო ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ისრაელზე ჯიჰადისტების 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინდელ ტერაქტს ისრაელში 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

„ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ სექტორში დაიღუპა 15 ათასზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება არ ხერხდება.

ისრაელი ირწმუნება, რომ მისი ოპერაციის მიზანია, „ჰამასს“ ძალაუფლება დააკარგვინოს ღაზის სექტორში.

ამასობაში Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ეგვიპტეს, იორდანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შეატყობინა, რომ ომის შემდეგ ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. სააგენტოს თანამოსაუბრის თანახმად, ზონა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იქნება გაჭიმული და მისი მიზანი იქნება, აღკვეთოს ისრაელზე ჯიჰადისტების შესაძლო თავდასხმები. ზონის სიღრმეს ჯერჯერობით არ აზუსტებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა Reuters-თან საუბარში ასევე დააზუსტა ომის შემდგომ პერიოდში ღაზის მოწყობასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა დეტალი. ორიფ ფალკმა, კერძოდ, თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლების გეგმა მოიცავს „ჰამასის“ განადგურებას, ღაზის დემილიტარიზაციას და მოსახლეობის დერადიკალიზაციას. ბუფერული ზონა დემილიტარიზაციის პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს, თქვა ფალკმა.

სააგენტო ესაუბრა ეგვიპტის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც თქვეს, რომ ისრაელმა კაიროს შესთავაზა, განაიარაღოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ბუფერული ზონა შექმნას საერთაშორისო კონტროლით. Reuters-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფო ამ გეგმის წინააღმდეგია. ამასთან, რამდენიმე არაბული სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება ბუფერული ზონის შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, კერძოდ სად შეიძლება მდებარეობდეს ის.

XS
SM
MD
LG