Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი: მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და "მოსადის" წარმომადგენლებმა დატოვეს კატარი


პლაკატი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით. იერუსალიმი, 25 ნოემბერი, 2023.
პლაკატი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით. იერუსალიმი, 25 ნოემბერი, 2023.

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“, ხელმძღვანელმა დავიდ ბარნეამ კატარიდან გაიხმო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში ექსტრემისტული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, ეს გაკეთდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებით, ვინაიდან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„ტერორისტულმა ორგანიზაცია ‘ჰამასმა’ არ შეასრულა თავისი ნაწილი შეთანხმებისა, რომელიც მდგომარეობდა ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაში“, - ნათქვამია ცნობაში. ამასთან ამტკიცებენ, რომ „ჰამასმა“ ადრე მოიწონა გასათავისუფლებელი პირების სია.

შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ „მოსადის“ ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს შეერთებულ შტატებში, ეგვიპტესა და კატარში მათი შუამავლობისთვის, რის წყალობითაც მოხერხდა 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გრძელდებოდა. 1 დეკემბერს განახლდა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციები.

The Times of Israel-ის ცნობით, „ჰამასსა“ და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებებს კვლავაც დაკავებული ჰყავთ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი 136 ადამიანი, მათ შორის 20 ქალი და ორი ბავშვი, ასევე 11 უცხოელი. მძევლებიდან ზოგიერთი ისრაელის ჯარისკაცია, სხვები კი - მშვიდობიანი მოქალაქეები.

ცნობიდან არაა ნათელი, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლებაზე. მანამდე შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ახალ ჰუმანიტარულ პაუზას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დატყვევებული ადამიანების კვლავ გათავისუფლებას. ისრაელმა ადრე განაცხადა, რომ დათანხმდა, არ განაახლოს ცეცხლი, თუკი „ჰამასი“ დღეში 10 მძევალს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, ისრაელმა ციხეებიდან გამოუშვა პალესტინელი პატიმრები - სამი თითო მძევლის სანაცვლოდ.

ღაზის სექტორში მეორე დღეა გრძელდება ბრძოლები პაუზის შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია ინტენსიურ დარტყმებს ახორციელებს ობიექტებზე ღაზის სექტორში, მათ შორის მის სამხრეთ ნაწილში. აქამდე იქ იქნა ევაკუირებული ღაზის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ისრაელის სამხედროებმა გამოაქვეყნეს რუკები ღაზის სექტორის იმ ადგილების მითითებით, რომლებზეც შესაძლოა განახორციელონ დარტყმები. ამ რუკების შემცველ ბროშურებს ჰაერიდან ყრიან სექტორში.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პარასკევს და შაბათს ისრაელის განახლებულმა თავდასხმებმა სექტორის 200-ზე მეტი მაცხოვრებელი შეიწირა. ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმაზე საპასუხო საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, 15000-ზე მეტს მიაღწია. შაბათს საღამოს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ 300 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზის აღმოსავლეთით ერთ-ერთი რაიონის დაბომბვისას. ამ ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.

ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჯიჰადისტების თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო სამხედრო ოპერაცია. ისრაელში მომხდარ ტერაქტს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოპერაცია მიზნად ისახავს „ჰამასის“ დამარცხებას და მისთვის ღაზის სექტორში ძალაუფლების წართმევას. გაეროს ქვეყნების უმეტესობა ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობების გარეშე; გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ამასთან მოუწოდებს მას, დაიცვას ომის წარმოების წესები.

XS
SM
MD
LG