Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია: შშმ პირთა უფლებების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

განცხადების თანახმად, 2023 წელს სახელმწიფომ გაეროს კომიტეტს წარუდგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ანგარიში, რომელიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აღწერს. კომიტეტმა საპასუხოდ რეკომენდაციები გასცა, რომელთა აღსრულების ხელშეწყობას და კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2021 წელს შექმნილი კომიტეტი ახორციელებს, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად.

განცხადების თანახმად, ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. სამოქმედო გეგმა დაფარავს 2024-2026 წლებს. აღნიშნულ დოკუმენტებში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. გათვალისწინებულია ამოცანები, რომლებიც შშმ პირთა თანასწორობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კერძოდ − ხაზგასმულია შშმ ქალთა და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG