სკოპიეში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2008 წლის ომის თემას შეეხო. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მითითების მორჩილად შესრულებაში დაადანაშაულა.
„NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც ეუთო-ს მონაწილეები არიან, 2008 წელს, ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს წევრობას დაჰპირდნენ. მიზანი მარტივი იყო - ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერით მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტის სამიტზე მისთვის მიცემული კარტ-ბლანში - იმავე 2008 წლის აგვისტოში გაცემული ბრძანებით, დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქი და იერიში მიეტანა სამშვიდობოების პოზიციებზე, რომელიც იქ ეუთო-ს შეთანხმების ფარგლებში იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია მოამზადა შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც საქართველოში აამოქმედა თავისი „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა. სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა ის, რაც ვაშინგტონმა ასწავლა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა დაამატა, რომ უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმის შექმნისთვის მნიშვნელოვნად მეტი ძალისხმევის გაწევა გახდა საჭირო.
გამოსვლის შემდეგ სერგეი ლავროვმა დარბაზი მალევე დატოვა და არ მოუსმინა სხდომის სხვა მონაწილეებს.
ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს კი დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს იმ განცხადების გაკეთებისთანავე, რომლის შემდეგაც სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა.
სხდომაზე ლავროვმა თქვა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა". რუსმა მინისტრმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი დაადანაშაულა იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმს ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს".
ლავროვმა გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის მიერ გატარებული სახელმწიფო ენის პოლიტიკის გამოც და დაადანაშაულა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რომ არ შეამჩნიეს "უკრაინის ძირითადი კანონის ბოროტად გამოყენება".
ლავროვმა თავის სიტყვაში ასევე თქვა, რომ ეუთო, სავარაუდოდ, "უფსკრულის ზღვარზეა" და რომ დასავლეთი "კლავს ჯგუფის აღდგენის შანსებს".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც დღეს, 30 ნოემბერს, დაიწყო ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ნატოს წევრი ჩრდილოეთი მაკედონია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეა.
28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.
ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
სკოპიეში, ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს.
მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
გასული წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება.
2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.