ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებით, "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს". აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან სარგებელი მიიღოს, - ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხილება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
მანამდე რუსულმა გამოცემა იზვესტიამ გამოაქვეყნა პეტერ სტანოს კომენტარი. გამოცემა წერდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას „აფხაზეთის“, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის გარეშე.
რადიო თავისუფლებისადმი სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით ან მის გარეშე.
სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და „განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააქტიუროს დიალოგი ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“.
„აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით“.
სტანოს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც.
„ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი, შერიგებისა და რუსეთისადმი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - ნათქვამია სტანოს წერილობით პასუხში.
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.
2022 წლის 28 თებერვალს რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.
2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.