Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს მოუწოდებენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა "არამართლზომიერად დაკავებულად" იქნეს აღიარებული


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თანამშრომლები პრაღის შტაბბინაში ალსუ კურმაშევას სოლიდარობის აქციაზე.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თანამშრომლები პრაღის შტაბბინაში ალსუ კურმაშევას სოლიდარობის აქციაზე.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, ეროვნულმა პრესკლუბმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.

კურმაშევა, რომელიც აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული ყაზანის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით.

„რამდენადაც გვესმის, რუსეთს ოფიციალურად არ შეუტყობინებია მისი დაკავება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აშშ-მა არ უნდა დააყოვნოს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად [რუსეთის მხრიდან] დროის გაჭიანურების სავარაუდო ტაქტიკისა. ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ ამ გაჭიანურების შედეგად ალსუს დღემდე არ შეუძლია აშშ-ის საკონსულო მხარდაჭერის მოპოვება“, - ნათქვამია მიმართვაში.

აღმასრულებელმა დირექტორმა ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, კლეიტონ ვეიმერსმა განაცხადა, რომ „ალსუ კურმაშევა არის მსხვერპლი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მოსკოვის ომისა და მისი გეოპოლიტიკური დავისა აშშ-სთან“.

„კრემლმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი და გააუქმოს ეს სასაცილო ბრალდებები, მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, სახელმწიფო დეპარტამენტმა ის არამართლზომიერად დაპატიმრებულად უნდა გამოაცხადოს. როგორც ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც დევნიდნენ თავისი საქმიანობისთვის, კურმაშევა არ იმსახურებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე სრულ ძალას თავისი მთავრობისა, რომელიც მისი გათავისუფლებისთვის იღვწის“, - აღნიშნა ვეიმერსმა.

მოქალაქის „არამართლზომიერად დაკავებულად“ აღიარება ნიშნავს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურად შეეცდება, მიაღწიოს მის გათავისუფლებას შესაბამისი უცხოური სახელმწიფოს ხელისუფლებისგან.

ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ მან რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.

23 ოქტომბერს ყაზანის რაიონულმა სასამართლომ ალსუ კურმაშევა საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნა 5 დეკემბრამდე. უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების თაობაზე.

ალსუ კურმაშევა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტია 1990-იანი წლების ბოლოდან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების კულტურასა და უფლებებს თათრეთსა და ბაშკირეთში. ის ჰყვებოდა ინიციატივებზე, რომელთა მიზანია თათრული ენისა და კულტურის დაცვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან, რაც შესამჩნევად გაძლიერდა უკანასკნელ წლებში.

ალსუს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - აშშ-ისა და რუსეთისა. დაკავებამდე ის პრაღაში ცხოვრობდა ქმართან და შვილებთან ერთად. მაისის შუა რიცხვებში ის მშობლიურ ყაზანში ჩავიდა ოჯახური გარემოებების გამო. 2 ივნისს ყაზანის აეროპორტში, პრაღაში გაფრენამდე, ალსუ დააკავეს. მას ჩამოართვეს ამერიკისა და რუსეთის პასპორტები. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მეორე მოქალაქეობის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაჭიანურდა. მხოლოდ ოქტომბერში მიუსაჯა მას ყაზანის სასამართლომ 10 ათასი რუბლი ჯარიმის გადახდა. ამის შემდეგ ის კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით.

RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ გედმინმა "ღრმა იმედგაცრუება" გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG