Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის თანახმად, ღაზის დაბომბვის შედეგად სამი მძევალი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო. კადრი "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეოდან: გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები "ჰამასის" მებრძოლების თანხლებით. 26 ნოემბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო. კადრი "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეოდან: გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები "ჰამასის" მებრძოლების თანხლებით. 26 ნოემბერი, 2023.

Reuters-ს მოჰყავს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის, „ალ-კასამის ბრიგადების“ განცხადება იმის შესახებ, რომ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად სამი მძევალი დაიღუპა.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება. ამ მომენტისთვის უცნობია დაღუპულთა რაოდენობა და მათი სიკვდილის მიზეზი.

რამდენიმე საათის წინ ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაიღუპა ორი მძევალი. მისი მონათხრობის მიხედვით, ისინი განზრახ მოკლეს იმათ, ვისაც ისინი ჰყავდა დაკავებული.

ღაზაში 24 ნოემბრიდან მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც უნდა გამოყენებულ იქნეს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვების, ასევე პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.

დროებითი ზავი თავდაპირველად ოთხი დღით შეათანხმეს. ამ ხნის განმავლობაში ისრაელში დაბრუნდა 80-მდე მძევალი, ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 180-მდე პალესტინელი პატიმარი.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება 27 ნოემბერს კიდევ ორი დღით გააგრძელეს ფორმულით - ყოველდღე 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება 30 პალესტინელის სანაცვლოდ. მედიის თანახმად, ამის შემდეგ დროებითი ზავი შესაძლოა კიდევ ორი დღით გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG