Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 ოქტომბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს 


ვასიკო ქენქაძე (მარცხნივ) გათავისუფლების შემდეგ
ვასიკო ქენქაძე (მარცხნივ) გათავისუფლების შემდეგ

ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს 15 ოქტომბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წნელისში, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვასიკო ქენქაძე. 27 ნოემბერს იგი ახალგორის ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის [ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ] 322-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) დანაშაულის ჩადენაში და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, 1997 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე 28 ნოემბერს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს.

ქენქაძის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ, ცნობა გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს", - აცხადებს სუსი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ბოლოს, 25 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG