Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვი ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. ე.წ საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ამ ბაზაზე გადაიყვანეს, საიდანაც დე ფაქტო რესპუბლიკის კაგებეს გადასცემენ და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში განათავსებენ. ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG