Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს


"რაია იოსეპის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი 30 ნოემბერს დაიკეტება.
"რაია იოსეპის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი 30 ნოემბერს დაიკეტება.

ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან, განაცხადა ფინეთის მთავრობამ სამშაბათს.

გადაწყვეტილება ოთხშაბათს ღამით, 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რატანენმა დააზუსტა, რომ თავშესაფრის მიღების თაობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება ნავსადგურებსა და აეროპორტებში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებას სურს შეაჩეროს „რუსეთის ორგანიზებული ქმედებები ქვეყანაზე ჰიბრიდული ზემოქმედების კუთხით“. ფინეთში აქვთ ეჭვი, რომ რუსეთი განგებ უწევს ორგანიზებას საზღვრებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადად დენას. მოსკოვი ამას უარყოფს.

ფინეთის სასაზღვრო დაცვის ცნობით, ნოემბერში რუსეთიდან ფინეთში შევიდა დაახლოებით 900 მიგრანტი კენიიდან, მაროკოდან, სომალიდან, იემენიდან, სირიიდან, პაკისტანიდან. ადრე ასეთი სტუმრების რაოდენობა დღე-ღამეში ერთს არ აღემატებოდა, შენიშნავენ უწყების თანამშრომლები.

ჰელსინკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები, წერს სააგენტო DPA.

25 ნოემბრიდან რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მოქმედებდა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მურმანსკის ოლქში.

XS
SM
MD
LG