Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა გადაწყვიტა, რუსეთის საზღვარზე ერთის გარდა ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახუროს


ფინეთ-რუსეთის საზღვარი. 19 ნოემბერი, 2023.
ფინეთ-რუსეთის საზღვარი. 19 ნოემბერი, 2023.

ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დახუროს ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთთან საზღვარზე, გარდა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ერთისა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ხვალ, ხუთშაბათს, წინადადება მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

ფუნქციონირებას მხოლოდ „რაია-იოსეპის“ საგუშაგო გააგრძელებს (რუსეთის მხარეს - ლოტა). ის მურმანსკიდან 240 კილომეტრზე მდებარეობს. დარჩენილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, 24 ნოემბერს ღამით დაიკეტება მინიმუმ 23 დეკემბრამდე.

ჰელსინკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ფინეთის საზღვარზე მიგრანტების მისვლას. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, იუწყება Reuters-ი. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ფინეთი მზად არის მთლიანად დახუროს რუსეთთან საზღვარი.

ფინური მედიაკორპორაცია Yle-ს ცნობით, ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთის საზღვრის გავლით ფინეთში 500-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა. მათ შორის არიან სირიის, იემენის, ერაყის, სომალისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. შაბათ-კვირას, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ, ფინეთში საერთო ჯამში შევიდა 83 თავშესაფრის მაძიებელი. დღეს, ოთხშაბათს, საზღვარი გადაკვეთა თავშესაფრის 75-მა მაძიებელმა.

რუსეთსა და ფინეთს შორის საავტომობილო და სხვა ტრანსპორტის რვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. 18-19 ნოემბრის ღამეს ფინეთის ხელისუფლებამ მომავალი წლის 18 თებერვლამდე დახურა ოთხი მათგანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით - სანკტ-პეტერბურგთან ყველაზე ახლოს მდებარე პუნქტები. ოთხი საგუშაგო დარჩა ღია აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის კარელიისა და მურმანსკის ოლქის საზღვარზე.

2023 წლის დასაწყისში ფინეთმა რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ბარიერული სტრუქტურების მშენებლობა დაიწყო იმის შიშით, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს საზღვრამდე მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შეღწევას. მსგავსი მიგრაციული კრიზისი უკვე მოხდა 2021 წელს, როდესაც ათასობით მიგრანტი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ცდილობდა ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში, შემდეგ კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ჩასვლას.

XS
SM
MD
LG