Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მედია: „წითელ ჯვარს“ 13 მძევალი გადაეცა. ტაილანდის პრემიერი: „ჰამასმა“ 12 ტაილანდელი გაათავისუფლა


გამშვები პუნქტი რაფაჰში, ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის. 24 ნოემბერი, 2023 წელი
გამშვები პუნქტი რაფაჰში, ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის. 24 ნოემბერი, 2023 წელი

ისრაელის მედია, Times of Israel-ი და მე-12 არხი იტყობინებიან, რომ „საერთაშორისო წითელ ჯვარს“ 13 მძევალი გადაეცა. მათ ღაზის სექტორი ეგვიპტესთან საზღვრის გამშვები პუნქტის, რაფაჰის გავლით დატოვეს.

მათ დახვდნენ ისრაელის არმიის წარმომადგენლები, ასევე ექიმები და ფსიქოლოგები. იქიდან გათავისუფლებულები წაიყვანეს ხაცერიმის სამხედრო ბაზაზე, ისრაელის სამხრეთში..

აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, „ჰამასს“ უნდა გამოეშვა 13 მძევალი ისრაელის მიერ დაპატიმრებული 39 პალესტინელის სანაცვლოდ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საღამოს გამოაქვეყნა გათავისუფლებული 13 ისრაელელის სია. მათ შორის იყო ოთხი პირი, რომლებსაც, მათი ოჯახების თქმით, ასევე გერმანიის მოქალაქეობა აქვთ. ეს არის 34 წლის ქალი, მისი ორი და ოთხი წლის ქალიშვილი და 77 წლის ქალი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა „უზომოდ მადლიერია“ ყველასი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში. ბერბოკმა პირადად მადლობა გადაუხადა კატარელ კოლეგას, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს და ეგვიპტეს.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ მისი 10 მოქალაქე, ასევე რადიკალური ორგანიზაციის მიერ მძევლად აყვანილი პირი, გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს ასევე ფილიპინელი მძევალი.

ეს აქტი არ ყოფილი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არაპირდაპირი შეთანხმების ნაწილი.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, სტერა ტავისინმა, Х-ის გზით გაავრცელა ცნობა, რომ გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა. არ არის ცნობილი, სად იმყოფებიან ტაილანდელი მოქალაქეები.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასმა“ 240 მძევალი გაიტაცა, რომელთა შორის იყო 19 ტაილანდელი ფერმერი. ბევრი მათგანის ბედი გაურკვეველია.

ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მთლიანობაში გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები. მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.

ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური მოძრაობა ისრაელში შეიჭრა, რის დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დახოცილთა რიცხვი 13 000-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG