Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CBS: შეთანხმების თანახმად, "ჰამასი" ექვსსაათიანი საზავო პაუზების დროს გაათავისუფლებს მძევლებს


"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების ფოტოები. დიუსელდორფი, 8 ნოემბერი, 2023.
"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების ფოტოები. დიუსელდორფი, 8 ნოემბერი, 2023.

CBS-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აზუსტებს ზოგიერთ დეტალს ისრაელის მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლის თაობაზე შეთანხმებისა, რომელსაც მხარეები მალე მიაღწევენ.

CBS-ის თანამოსაუბრის თანახმად, შეთანხმების პროექტი საბრძოლო მოქმედებებში ექვსსაათიან პაუზებს ითვალისწინებს ოთხი დღის განმავლობაში. „ჰამასი“ სწორედ ამ პაუზების დროს ნაწილ-ნაწილ გაათავისუფლებს მძევლებს, მთლიანობაში 50 ადამიანს. პაუზების დროს ისრაელის სპეცსამსახურები შეწყვეტენ ღაზის თავზე სადაზვერვო დრონების ფრენას.

ამის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გაათავისუფლებენ პალესტინელებს - ქალებსა და მოზარდებს - სამ პალესტინელს ერთი ისრაელელის სანაცვლოდ.

როგორც BBC იუწყება, პაუზების დროს ღაზაში შეუშვებენ 300 სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის ცხიმით საცხობებისთვის და საწვავით საავადმყოფოს ელექტროგენერატორებისთვის.

თუკი ეს პირველი ოთხდღიანი ფაზა წარმატებით ჩაივლის, პერიოდული პაუზები გახანგრძლივდება და „ჰამასი“ კიდევ 20 მძევალს გაათავისუფლებს. ამჟამად ისრაელის მთავრობა მსჯელობს შეთანხმების შესახებ.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG