გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გამოაცხადა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.
პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გერმანიამ უკრაინას Iris-T ტიპის სისტემები გამოუყო.
მთლიანობაში გერმანია გეგმავს, უკრაინას გადასცეს 12 საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T. სამი სისტემა უკვე მიწოდებულია, მეოთხეს კი უკრაინა ამ ზამთარში მიიღებს. 2024 წლის განმავლობაში უკრაინას კიდევ ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცემა. დახმარების ახალ პაკეტში შესული Iris-T SLM სისტემების მიწოდება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.
დახმარების პაკეტში ასევე შედის 60 სადაზვერვო დრონი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველი 20-ზე მეტი რადარი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.
გერმანული თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქების დასაცავად. რუსეთის თავდასხმებისას Iris-T-ის მეშვეობით დაჭერილია მრავალი რაკეტა და დრონი.