Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა კირბალის ინციდენტი ოკუპირებულ ცხინვალში განიხილეს


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი

21 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა. ისინი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ძირითადად ოკუპაციის ხაზთან 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენები განიხილეს. 6 ნოემბერს სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი თამაზ გინტური ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშთან ახლოს მოკლა.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში გამართული შეხვედრის შემდეგ ოსური მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან, ტოივო კლაარმა, ცხინვალელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ სოფელ კირბალში მომხდარი ინციდენტი, სადაც ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, ძალიან შეშფოთებული ვართ მომხდარით. ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოება. ეს არის ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანა - მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა მან.

თანათავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობასთან საუბარი გარკვეულ წესებზე, არამედ იმის გათვალისწინებაც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისტორიული კავშირი აქვს სალოცავებთან და ეკლესიებთან.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ კავშირებს და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები“, - თქვა კლაარმა.

დისკუსიის თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ჯაჰან სულთანოღლუმ, თავის მხრივ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დისკუსიის ფორმატში მრავალი გადაუჭრელი საკითხია, მაგრამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„მოგეხსენებათ, დისკუსიებში ყველაზე საკვანძო საკითხია ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ვფიქრობ, ეს გამოწვევები გაძლიერდა ბოლო მოვლენების ფონზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დავკარგეთ. აუცილებელია კონცენტრირება პრაქტიკულ ზომებზე, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები“, - განაცხადა სულთანოღლუმ.

ასევე, მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ გამყოფი ხაზების ზონაში მოსახლეობის ცხოვრება უფრო პროგნოზირებადი და უსაფრთხო გახდეს.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს, მოლაპარაკების შედეგად.

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. ამის მიუხედავად, კირბალელები ლომისის ეკლესიის ნიშთან მისვლას მაინც ახერხებდნენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეკლესიის კარი ზაფხულში ლითონის ფირფიტით დალუქეს, თუმცა ეს ფირფიტა ადგილობრივებმა მოაძვრეს და ეკლესიის კარი მაინც შეაღეს. შემოდგომის დასაწყისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ მივიდნენ სალოცავში და ამჯერად კარი სამშენებლო ქაფით ჩაჭედეს.

6 ნოემბრის საღამოს კი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ეკლესიის კარი ისევ გააღეს. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG