ერთი კვირის განმავლობაში რუსეთში, კარელიაში, დააკავეს ვადაგასული რუსული ვიზების მქონე 150-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც რუსეთ-ფინეთის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. ამის შესახებ RBC იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელზე, მარინა კაბატიუკზე დაყრდნობით.
კაბატიუკის სიტყვებით, დაკავებულთა ბედს სასამართლო გაარკვევს. მათ ჯარიმა და რუსეთიდან იძულებით გასახლება ემუქრებათ.
კაბატიუკის თქმით, მიგრანტების უდიდესი ნაწილი 18 ნოემბერს დააკავეს. ამ დღეს ფინეთმა რუსეთის საზღვარზე მოქმედი თავისი ოთხი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა ფინეთში თავშესაფრის მსურველთა მოზღვავების გამო. მიგრანტები ძირითადად სირიიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და სომალიდან არიან. საზღვარი ჩაკეტილია როგორც ადამიანებისთვის, ისე ტრანსპორტისთვის. შეზღუდვები 18 თებერვლამდე იმოქმედებს.
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთიდან ფინეთში მოხვედრა სცადა რამდენიმე ათასმა უცხოელმა, რომლებსაც არ გააჩნდათ საბუთები. წარსულში მოსკოვი მათ რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის საშუალებას აძლევდა. ფინეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ხელისუფლება განზრახ უშვებს მიგრანტებს ფინეთის საზღვრისკენ და ამას უკავშირებს ჰელსინკისა და ვაშინგტონს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
მას შემდეგ, რაც ფინეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დახურა, უცხოელებმა ფინეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს „ვარტიუსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, რომელიც კარელიის ქალაქ კოსტომუკშასთან მდებარეობს.
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვარტიუსის“ ხელმძღვანელის, იოიკო კინუნენის თქმით, მისი რუსი კოლეგები პირდაპირ აგულიანებენ უცხოელებს, რომ ისინი ფინეთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მივიდნენ და თავშესაფარი ითხოვონ. რუსეთის მხარე უარყოფს, რომ ის მიგრანტებს ფინეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება.