ისრაელის ტანკები მიადგნენ ინდონეზიურ საავადმყოფოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. BBC ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება.
რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საავადმყოფოში იმყოფება დაახლოებით 700 ადამიანი, მათ შორის დაჭრილები და ექიმების ბრიგადები და რომ ისრაელი ცდილობს, „სრულად გამოიყვანოს მწყობრიდან ინდონეზიური საავადმყოფო“.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა უთხრა BBC-ს, დღეს ისრაელის დარტყმების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა 10-მდე ადამიანი. მისი თქმით, ტანკები საავადმყოფოს შენობიდან 20 მეტრით არიან დაშორებული. როგორც მანვე განაცხადა ადრე, დარტყმა განხორციელდა პოსტოპერაციული თერაპიის განყოფილებაზე.
ისრაელის თავდაცვის არმიის უკანასკნელ განცხადებებში არ არის ლაპარაკი საავადმყოფოზე. „თავდაცვის არმიის ჯარები განაგრძობენ მოქმედებას ღაზის სექტორში, იგზავნება ავიაცია ტერორისტების, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებისთვის, გრძელდება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ძებნა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის დღევანდელ განცხადებაში. მასში ასევე ნახსენებია, რომ მოკლულია „ჰამასის“ სამი მეთაური.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.