Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის სამინისტრო: “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”


ონი, რაჭა
ონი, რაჭა

“არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად - სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება”, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება გამოეხმაურა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა.

სამინისტროს განმარტებითვე, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა ვერ მოხდება და ვერც გაჩუქება.

„ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია 18 ნოემბერს, საღამოს 5 საათიდან დაიწყო.

აქციის ორგანიზატორები - „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებს კარვის გაშლა სურდათ სამინისტროს ეზოში, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი შესასვლელიდან ეზოს ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს.

ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა სცადეს საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც. მოგვიანებით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს აქციის 11 მონაწილე.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.

ამჯერად პროტესტი თბილისში გადმოდის და საპროტესტო კარვის გაშლას აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ცდილობენ.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბის, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.

ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, ჯერჯერობით ცხადი არაა.

„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.

XS
SM
MD
LG