Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება


აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმართება
აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმართება

„რიონის ხეობის მცველები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ და სამინისტროს ეზოში კარვის გაშლას გეგმავენ.

სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.

ამჯერად პროტესტი თბილისში გადმოდის და საპროტესტო კარავი აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან უნდა გაშალონ.

ვარლამ გოლეთიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
ვარლამ გოლეთიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერს ვარლამ გოლეთიანსა და სამართალდამცავებს შორის, კონკრეტულად სად უნდა გაიშალოს კარავი.

სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამინისტროს ეზოში მთავარი ჭიშკრიდან არ უშვებენ და მოუწოდებენ, რომ ეზოში შემოვლითი გზით შევიდნენ. ამ შეთავაზებას არ ეთანხმებიან აქციის მონაწილეები და ამბობენ, რომ შემოვლითი გზა მოუწესრიგებელია და "პრინციპის საკითხია", რომ ისინი სამინისტროს ეზოში მთავარი შესასვლელიდან შევიდნენ.

"გააღეთ, გააღეთ", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ წუთებში სამინისტროს ღობესთან დგანან.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.

ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, ჯერჯერობით ცხადი არაა.

„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.

XS
SM
MD
LG