თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ბოლო სამ წელიწადში პირველად ჩავიდა გერმანიაში.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი მიიღო ბერლინში, ბელვიუს სასახლეში.
ბერლინში მყოფმა ერდოანმა თქვა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ (რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) წინააღმდეგ და დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
"პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები პალესტინელების ტერიტორიაზე უნდა დასრულდეს და რომ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს რეაქცია ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა გერმანიისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამავე განცხადების თანახმად, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ „დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი“.
მოგვიანებით დაგეგმილი იყო ვახშამი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.
შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთის ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“, როლი.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასაწყისშივე ერდოანის მიერ ისრაელის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, გერმანიაში მისი ხანმოკლე ვიზიტი თავიდანვე სადავო იყო.
მან ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ დასდო ბრალი, „ჰამასს“კი „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა.
გერმანიის კანცლერმა ერდოანის გამონათქვამები უარყო, როგორც „აბსურდი“.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი აიდან იუზუსი თვლის, რომ ვიზიტი შეიცავს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის განმუხტვის შესაძლებლობას - ერდოანს კონტაქტები აქვს „ჰამასთან" და შეეძლებოდა დამაშოშმინებლის როლის თამაში.
აიდან იუზუსის აზრით, აზრთა ამგვარად დიდი სხვადასხვაობის მიუხედავად, ასეთ კონფლიქტურ დროს მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება.
თურქეთის პრეზიდენტმა ამ კვირაში ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა და „ჰამასი“ დაიცვა. გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ, შუსტერმა, განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობისგან მკაფიო სიტყვებს მოელის. მისი თქმით, კანცლერმა შოლცმა და პრეზიდენტმა შტაინმაიერმა სრულიად აშკარად უნდა უარყონ, თუ ერდოანი მსგავს პოზიციას გერმანიაშიც გამოხატავს.